skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი უარყოფს აშშ-ის მიზანში ამოღებას, „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულებისა და „რეპუტაციული ზიანის“ შესახებ საუბრობს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი პარტიის კამპანიის დროს „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრისას არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ გულისხმობდა. მან აშშ-ის არსებულ შეთქმულების თეორიებზეც ისაუბრა, როგორიცაა „დიფ სთეითი“ და ოპოზიციის მხარდაჭერის გაგრძელების შემთხვევაში, აშშ პოტენციური „რეპუტაციული ზიანის“ შესახებ გააფრთხილა.

როგორც ჩანს, წერილი უშუალო პასუხია აშშ-ის საელჩოს მიერ მანამდე ფეისბუქზე გავრცელებულ ქარდზე, სადაც ეწერა: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“

„[აშშ-ის] საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა 1 ოქტომბერს გავრცელებულ წერილში.

„არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში“, – ნათქვამია წერილში. „სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია“.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ „აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, „დიფ სთეითისა“ და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება. ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები“. ივანიშვილის თქმით, „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს, რომ „აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს“.

მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც „ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას“.

„ქართულმა საზოგადოებამ თუ დაიჯერა, რომ საქართველოში ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ძალაუფლების კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაბრუნება არა გლობალურ ომის პარტიას, არამედ აშშ-ს და ევროკავშირს სურთ, ამით როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება“, – ნათქვამია წერილში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button