skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი: „სამუდამოდ დასრულდება უცხო ქვეყნებიდან ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელობები“

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 8 სექტემბერს ქალაქ ახალციხეში შეკრებილ მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი მინის მიღმიდან მიმართა. მისი გამოსვლა მცხეთაში, ამბროლაურსა და ოზურგეთში გამართულ აქციებზე გაჟღერებულ ნარატივებს იმეორებდა, რა დროსაც აქცენტი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასა და „უცხო ქვეყნებიდან ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის“ დასრულებაზე გააკეთა.

ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობა კიდევ ერთხელ შეაქო: „ერთად დგომით, შევძელით და ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება, გვაქვს გაჯანსაღებული სასამართლო, მედია დამოუკიდებელია, ბიზნესი კი – ხელშეუხებელი, ქვეყანა, სადაც ხალხი თავისუფლად ცხოვრობს და აღარ აქვს პოლიტიკური დევნის შიში“. მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი შეჩერებას არ აპირებს: „მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს“.

თავის გამოსვლაში, ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პირველად გვაქვს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც განვითარების მთავარი საწინდარია, ეს კი წლების განმავლობაში თქვენ მიერ „ქართული ოცნებისათვის“ გამოცხადებული ნდობის შედეგია“.

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, „ომში არა უბედურებას, არამედ – შესაძლებლობას ხედავს, შესაძლებლობას იმისა, რომ უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, თუნდაც ომის, ანუ საკუთარი მოსახლეობის სისხლის ფასად, ხელისუფლებაში დაბრუნდეს“.

მან „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ 2008 წლის აგვისტოს ომის „პროვოცირებაში“, ქვეყნის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩათრევისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაში დაადანაშაულა. ივანიშვილის თქმით, „მეორე ფრონტის“ გახსნა „მათი უცხოელი პატრონების პირდაპირი დაკვეთაა, რაც იდეალურად ერგება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ, ვიწროპარტიულ ინტერესს – ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში“.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ „ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია“.

„26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას, სამწუხაროდ, არ უწევს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის; უსამშობლო, რადიკალური ოპოზიციის დამსახურებით, 26 ოქტომბერს არჩევანს ვაკეთებთ ომსა და მშვიდობას, ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებსა და ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს შორის, არჩევანს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალსა და იმ მიუღებელ მოცემულობას შორის, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა ნაციონალურ მოძრაობას „ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საფრთხე“ უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დღის წესრიგში დადგება ამ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი.

მან პირობა დადო, რომ „სამუდამოდ დასრულდება უცხო ქვეყნებიდან ჩვენი ხალხისთვის ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელობები“.

ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე „დამაჯერებლად“ უნდა გაიმარჯვოს, რათა „ვერავინ ვერასდროს გაბედოს იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის პოლიტიკური ქაოსი, რომლის მოწყობასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოელ პარტნიორებთან ერთად მუდმივად ცდილობს“.

ივანიშვილის კიდევ ერთი დაპირების თანახმად, თუ მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებდა, ის მოამზადებდა საკონსტიტუციო ნიადაგს იმ მომენტისთვის, როდესაც დადგებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი.

„ჩვენ ავსახავთ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლს სწორედ იმ ფორმით, როგორსაც ის იმსახურებს. მართლმადიდებლური ქრისტიანობა კონსტიტუციით განმტკიცდება როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება.

ივანიშვილმა თავისი გამოსვლა შოთა რუსთაველის სიტყვებით დაასრულა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია… 26 ოქტომბერს საქართველო ისევ გაიმარჯვებს ბოროტებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მყარი საფუძველი იქნება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button