skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სანქციებზე, ოპოზიციაზე, არჩევნებსა და აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდის განზრახვაზე საუბრობს

18 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის აშშ-ის ბოლო სანქციები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ „ქართული ოცნების“ მიდგომა, პრეზიდენტის შუამავლობით დაგეგმილი კოალიცია ოპოზიციურ პარტიებს „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის, მოახლოებული არჩევნები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

აშშ სანქციები

პრემიერ-მინისტრს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა დემოკრატიის შელახვის გამო აშშ-ის მიერ 64 პირზე, მათ შორის ორ მაღალჩინოსანზე დაკისრებულ ფინანსურ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებზე, ასევე აშშ-ის ელჩთან რობინ დანიგანთან გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ასეთი ნაბიჯები, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას“ აშშ-სა და საქართველოს შორის. მისი თქმით, სერიოზული სირთულეები იყო ბოლო ოთხი წლის მანძილზე, რასაც, ძირითადად, წინა ელჩის საქმიანობა განაპირობებდა. „ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა ამ ფონზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობების გადატვირთვა და ურთიერთობების გადატვირთვას ესაჭიროება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა“, – განაცხადა კობახიძემ.

„თუმცა ასეთი სანქციები, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ, მაგალითად, მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ბუნებრივია ჩვენთვის და მე შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „და უფრო მეტიც, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ – თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მარტო  პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ იმოქმედონ რაციონალურად, იმოქმედონ სამართლიანად, ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს“.

„რაც შეეხება იმ ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა გუშინწინ, ეს ნაბიჯი არის მიმართული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სწორედ რომ დანგრევისკენ, ვის შეიძლება, აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მას იმედი აქვს, რომ „გუშინწინდელი გადაწყვეტილება იქნება ბოლო ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით“. მან აღნიშნა, რომ ეს იმედი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზეც გამოთქვა. „მე მინდა, პირადად ქალბატონ ელჩს გადავუხადო მადლობა მისი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, მისი კონსტრუქციული დამოკიდებულება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიღებული იქნას მთლიანობაში ჯანსაღი გადაწყვეტილებები, რაც არის ძალიან სამწუხარო“.

პრემიერ-მინისტრის ვარაუდით, სანქციების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბაიდენის ინფორმირების გარეშე იქნა მიღებული. „ჩვენ ყველა ვხედავთ, რა თქმა უნდა, რომ ბაიდენი არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროდ, არსებობს ოლიგარქიული პრობლემები და ამ პრობლემების შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი საქმის კურსშიც კი არ არის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“.

იგი ასევე გამოეხმაურა ელჩ დანიგანის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტი-დასავლურ დეზინფორმაციას ავრცელებს და განაცხადა, რომ ეს სანქციები არის „სწორედ დეზინფორმაცია… თუ რაიმე არის დეზინფორმაცია, ეს არის სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის უსამართლო განცხადებები, რომლებიც ძალიან ხშირად ვრცელდება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ საქართველოს შესახებ ასე მასშტაბურად დეზინფორმაციის გავრცელებისგან“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიღაცას აქვს იმედი, რომ სანქციებით აიწევს ოპოზიციის პროცენტები და დაიწევს „ქართული ოცნების“ პროცენტი. „ეს არის, რეალურად, ინტერესი, არიან გარკვეული ძალები, რომელთაც აქვთ ეს ინტერესი. ესენი არიან იგივე ძალები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ომის გაჩაღებას 2022 წელს განსაკუთრებით, ამის შემდეგაც, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველა ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის“. მან დასძინა, რომ არჩევნები დასრულდება ისე, როგორც „შედის ეს ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის ინტერესებში. ძალიან მყარად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“. 60%-ზე მეტი გვინდა ავიღოთ და დღეს გვაქვს ჩვენ დაახლოებით 60%. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ასეთი ძალები, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ამ არჩევნებში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ“.

აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდის განზრახვა

პრემიერ-მინისტრს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამო, რაც ოპოზიციამ „მოღალატეობრივად“ მიიჩნია.

„მოღალატეობრივი იყო ის დანაშაული, რომელიც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს 2008 წლის აგვისტოში. თქვენ ძალიან კარგად იცის, რაც გააკეთეს ამ ადამიანებმა და მათ სურთ საკუთარი ღალატის გადაფარვა ასეთი, ასე ვთქვათ, ცრუ განცხადებებით, თუმცა არ გამოუვათ. საზოგადოებამ იცის ყველაფერი ამ ომთან დაკავშირებით,  როგორ დაიწყო, რა მოხდა მანამდე, როგორ თანმიმდევრულად მიდიოდა ამ ყველაფრისკენ სააკაშვილის რეჟიმი, საბოლოო ჯამში, რა გააკეთეს მათ 7 აგვისტოს, სინამდვილეში ყველამ ყველაფერი იცის, ეს მეხსიერება არ იშლება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან შერიგებას, კობახიძემ აღნიშნა: „რაც შეეხება შერიგებას, აქ კიდევ ერთხელ უნდა განიმარტოს – ორი გზა არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ერთი თეორიული გზა არის ომი და მეორე თეორიული გზა არის – შერიგება. ვინც უპირისპირდება შერიგებას, ის ავტომატურად მიდის ომისკენ. ისინი არიან ომის პარტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა დღის წესრიგი და შერიგება, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გვქონდა ჩვენ ძმათა მკვლელი ომი, შეიძლება მოხდეს მხოლოდ ურთიერთპატიების საფუძველზე. ეს არის იმდენად მარტივი აქსიომური ჭეშმარიტება, რომ ამის გაპროტესტება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ისეთი ძალების მხრიდან, რომლებიც არიან დაფუძნებული სიცრუესა, დაფუძნებული არიან ძალადობაზე. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი“.

პრემიერ-მინისტრს ასევე ჰკითხეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე, რომელმაც შეაქო საქართველო ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო. კობახიძემ განაცხადა: „ჩვენთვის არ არის საინტერესო გარედან მოსმენილი განცხადებები. ჩვენი ოპონენტები საუბრობენ ხოლმე ხან კუბილიუსის განცხადებებით, ხან რუსი პოლიტიკოსების განცხადებებით, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესები და ერთადერთი, რითაც ვაფასებთ საკუთარ გადაწყვეტილებებს, არის ის, თუ რამდენად შეესატყვისება ჩვენი ნაბიჯები ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“.

ანტი-ლგბტ კანონმდებლობა

რაც შეეხება პარლამენტის მიერ ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღებას და დასავლეთის კრიტიკულ რეაგირებას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი „უტიფარი“ განცხადებები უცხოელი აგენტების კანონის მიღების დროსაც კეთდებოდა.

„ჯერ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ევროპული პრინციპი და სრულიად უტიფრად ეს კანონი გამოგვიცხადეს რუსულ კანონად. ახლა ჩვენ მივიღეთ მეორე კანონი, რომელიც აწესრიგებს უმარტივეს რამეს, რომ კაცი უნდა იყოს კაცი და ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი და ქალს უნდა ერქვას ქალი და ამასაც გვიცხადებენ რუსულ კანონად… არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროპა ასოცირდებოდეს გაუმჭვირვალობასთან და ლგბტ პროპაგანდასთან. ეს არასწორია, ეს არ წაადგება, რა თქმა უნდა, ევროკავშირის იმიჯს ქართულ საზოგადოებაში“, – განაცხადა კობახიძემ.  

შემდეგ მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ აღქმაში, „ევროპა ნიშნავს, პირველ რიგში, გამჭვირვალობას, ნიშნავს ტრადიციულ ფასეულობებს, ნიშნავს ქრისტიანულ ფასეულობებს. საუკუნეების მანძილზე ქართველები იმიტომ მიილტვოდნენ ევროპისკენ, რომ ჩვენ გვაერთიანებდა საერთო ქრისტიანული ტრადიციები და ქრისტიანული კულტურა. როდესაც ამის საპირისპიროდ შენ გეუბნებიან, რომ ევროკავშირი დღეს თითქოს არის ქრისტიანული ტრადიციების საპირისპირო მოვლენა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ გვჯერა, რომ რაც აერთიანებს ევროპას, ეს არის პირველ რიგში სწორედ ქრისტიანული ფასეულობები და სწორედ ამას ეძღვნება ის კანონი, რომელიც არის მიღებული – ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების დაცვას, ოჯახის ინტერესების დაცვას, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას“.

გახარია-ხაზარაძის კოალიცია

პრემიერ-მინისტრმა „ძლიერ საქართველოსა“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ გაერთიანებაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის ჩართვა ამაში არაკონსტიტუციურია და დასძინა, რომ ფორმირების შემთხვევაში, კოალიციას შანსი არ ექნება.

„კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული… როდესაც ასეთ სისტემაში, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში, პრეზიდენტი ერთვება უშუალოდ საარჩევნო პროცესებში როგორც მხარე, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია არ გვიკვირს… კარგი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება თავად გაერთიანებას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ესენი არიან უპრინციპო ადამიანები, წარმოიდგინეთ ისინი ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, პირდაპირ მოიხსენიებდნენ ძალიან მძიმე ეპითეტებით, აღარ მინდა ეს სიტყვები გავიხსენო, და დღეს ისინი აპირებენ გაერთიანებას“. კობახიძის თქმით, ასეთი შემთხვევები ყველა ოპოზიციურ პარტიაში ხდება, თუმცა, „თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ჩვენ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიმე ადამიანი ასე შევაფასეთ და შემდეგ მოვიწვიეთ ჩვენთან გუნდში“.

მისი თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, როპმ ოპოზიციური პარტიები „მოქმედებენ თავიდან ბოლომდე გარე დავალებით“ და „ისინი არიან ჩვეუელბრივი აგენტები, რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ“.

არასამთავრობოების მიერ არჩევნების დისკრედიტაცია

ბოლოს, პრემიერ-მინისტრის ჰკითხეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადების შესახებ, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მოახლოებული არჩევნების „დისკრედიტაციას“ ახდენენ. კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალურ ოპოზიციას“ და მასთან ასოცირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ ესღა დარჩათ გასაკეთებელი, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არჩევნებს 60%-ით იგებს.

„მესამე სექტორი საქართველოში სინამდვილეში არ არსებობს. არსებობს გარკვეული მდიდარი NGO-ები, რომლებიც მთლიანად გარედან ფინანსდებიან, აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება და მათ აქვთ პირდაპირ გამოკვეთილი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. შესაბამისად, მათი ინტერესი საერთოდ არ არის, დააკვირდნენ არჩევნებს. ისინი ერთადერთი რასაც აკვირდებიან არის ის, რომ უნდათ, რაღაცნაირად, რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში, თუმცა ეს არის აბსოლუტურად მიუღწეველი შედეგი მათთვის“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ყველა მსხვილი, მდიდარი ორგანიზაცია, რომელიც „აკვირდება“ არჩევნებს, სინამდვილეში არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია რადიკალურ ოპოზიციასთან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button