ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი აშშ-ს რევოლუციების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის დერეკ შოლეს 2 მაისის განცხადება, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას ევრო-ატლანტიკური მომავლის ერთგულებისკენ მოუწოდა და შეშფოთება გამოხატა ხეილსუფლების რიტორიკისა და ანტი-დემოკრატიული კანონმდებლობის თაობაზე, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის. კობახიძემ ცალსახად დაადანაშაულა აშშ 2020-2023 წლებში „აშშ-ის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით“ ორი რევოლუციის მოწყობის მცდელობაში და განაცხადა, რომ ამ მცდელობების წარმატების შემთხვევაში, დღეს საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი იქნებოდა გახსნილი.

კობახიძე თავის განცხადებაში წერს, რომ მრჩეველ შოლესთან საუბრისას მან განუმარტა მას, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-2023 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა”.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია”.

„ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო”, – დასძინა კობახიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button