ივანიშვილი პოლიტიკურ შურისძიებასა და ქვეყნის გადარჩენის იმედზე საუბარს აგრძელებს
21 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებთან ერთად მცხეთაში მხარდამჭერებს მიმართა. პარტიის ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს კამპანიის ძირითად გზავნილებზე, რომლებიც მათი პოლიტიკური საბჭოს უახლეს განცხადებაშია ჩამოყალიბებული. კერძოდ, მათ აღნიშნეს, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნებში სურს კონსტიტუციური უმრავლესობის მიღება, რათა აკრძალოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია”, შეზღუდოს ლგბტ უფლებები ტრადიციული ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის სახელით და საქართველოს კონსტიტუციაში შესაფერისი ცვლილებების შეტანით ნიადაგი მოამზადოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
“ნაცმოძრაობის დასრულება” და “ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა” “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაში თავიდანვე ნათლად იყო ჩამოყალიბებული. მათგან განსხვავებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შედარებით ახალია. აღნიშნული საკითხი ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ოდნავ უფრო განავრცო. მან განაცხადა: “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია”. ივანიშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია, რომელსაც იგი “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” უწოდებს, “აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება”. როგორც ივანიშვილმა თქვა, სწორედ ამის გამო სჭირდება “ქართულ ოცნებას” კონსტიტუციური უმრავლესობა.
რაც შეეხება ოპოზიციას, იგივე “კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, როგორც მას “ქართული ოცნების” წევრები უწოდებენ, ივანიშვილმა თქვა, რომ მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმისათვის, რომ “ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი”. მან განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების შემდეგ წამოიწყებს სამართლებრივ პროცესს, რის შედეგადაც “როგორც “ნაციონალური მოძრაობა”, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება”.
“26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს”, განაცხადა ივანიშვილმა და დაამატა, რომ “საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ”.
თავის გამოსვლაში ივანიშვილი ლგბტ უფლებების შეზღუდვის საკითხსაც შეეხო. მან განაცხადა, რომ “საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება ერთნაირსქესიანთა ეგრეთწოდებული სამოქალაქო პარტნიორობა, ლგბტ-წყვილის მიერ შვილის აყვანა, სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება, მედიაში თუ სკოლებში ლგბტ-პროპაგანდის წარმოება და სხვა”. ივანიშვილმა ასევე აღნიშნა: “ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ. მათი მიზანია, ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური, თუ პიროვნული იდენტობა”.
ივანიშვილმა არჩევნები, “ქართული ოცნების” მიდგომის მსგავსად, წარმოაჩინა რეფერენდუმად “ომსა და მშვიდობას”, “მონობასა და თავისუფლებას”, “მორალურ დაცემასა და ქრისტიანულ ფასეულობებს”, “ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს” შორის.
მან ასევე თქვა, რომ ხსნა ახლოსაა; “მთავარია, ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა [რუსეთის წინააღმდეგ] არ დავუშვათ, ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი [უკრაინაში] დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვერაფერი დაემუქრება”.
“რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი და დეკემბერი, მით უფრო მშვიდი იქნება მომდევნო 4 წელიწადი”, განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა გამოსვლა “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს მიერ 20 აგვისტოს გავრცელებული განცხადებიდან დაასრულა: “ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება”.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/07/2024 – “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილმა “გლობალური ომის პარტიის” კონსპირაციაზე საუბრით გახსნა
- 29/04/2024 – ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლურ პოლიტიკას ემხრობა და რეპრესიებით იმუქრება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)