
ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გამარჯვების წლისთავზე „მოღალატეებს“, „აგენტებსა“ და „გარე ინტერესებს“ აკრიტიკებს
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 1 ოქტომბერს, თავისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის 13 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში, „აგენტები“, „შიდა მტრები“ და „მოღალატეები“ გააკრიტიკა და ამავდროულად გააფრთხილა, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ქვეყნის სუვერენიტეტისა და სტაბილურობის კიდევ ერთი გამოცდა იქნება.
„პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა“, – აღნიშნა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს, დამოუკიდებლობის 35-წლიან ისტორიაში, ერთი მხრივ, ავტორიტარიზმს, გარე ინტერესების მორჩილებას, შიშსა და ტერორს, ხოლო, მეორე მხრივ, დემოკრატიას, ეროვნული სუვერენიტეტის ერთგულებასა და თავისუფლებას შორის უმთავრეს წყალგამყოფად იქცა“.
ივანიშვილის თქმით, 2012 წლის გამარჯვება დაეფუძნა „თავისუფლებას, სამართლიანობას, ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს, ღირსებასა და დამოუკიდებლობას“.
„ამ ისტორიული გამარჯვებიდან მოყოლებული, ჩვენ ერთად ვცდილობთ მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივაღწიოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად, თუმცა, ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ“, – ნათქვამია წერილში.
ივანიშვილი 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების თემასაც შეეხო და მოუწოდა ქართველებს, რომ არჩევნები განიხილონ, როგორც შანსი, მშვიდობიანად დაადასტურონ 2012 წლის გამარჯვება. „4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის“, – აღნიშნა მან.
This post is also available in: English