მედიაში გაჟონილ 2022 წლის მარტის აუდიო ჩანაწერში კარასინი და აბაშიძე ფრენების აღდგენაზე საუბრობენ
სოციალურ მედიაში 31 ოქტომბერს გაჟონილ აუდიო ჩანაწერში, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე 2022 წლის მარტში რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობენ.
აუდიო ჩანაწერმა ქართული ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია იმ უკვე არსებული ეჭვების ფონზე, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მტკიცებისა, რომ 2023 წლის აპრილში ფრენების განახლების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო, უკრაინაში რუსეთის ომისა და რუსეთზე დაკისრებული საერთაშორისო სანქციების პარალელურად, თბილისსა და მოსკოვს შორის, თბილისის ინიციატივით, ფრენების აღდგენის თაობაზე ფარული მოლაპარაკებები იმართებოდა.
აუდიო ჩანაწერში, რომელიც YouTube არხმა Cyber Kmara გამოაქვეყნა, პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც კარასინი აბაშიძეს „რთულ“ სიტუაციაში „რჩევისთვის“ ურეკავს. „ჩვენი ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქნებ როგორღაც განვიხილოთ ქართულ მხარის მოსაზრება საავიაციო მიმოსვლის აღდგენის, სახმელეთო ტრანსპორტის თაობაზე“, – აცხადებს კარასინი და დასძენს, რომ მისი აზრით, „ახლა ნაადრევია ამ საკითხების წამოწევა და განხილვა“.
„იქნებ მე ვცდები?“, – იკითხა კარასინმა, რაზეც აბაშიძემ უპასუხა: „არა, არა, აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით“.
კარასინის თქმით, „უმჯობესი იქნება ცოტა ხნით დავიცადოთ, სანამ სიტუაცია დამშვიდდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ყველა კარგ წამოწყებას უბრალოდ დავასამარებთ“. საპასუხოდ, აბაშიძემ განაცხადა, რომ საჭიროა ქარიშხალმა გადაიაროს.
აბაშიძის რეაგირება
ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესსნიუსს“ დაუდასტურა, რომ საუბარი მართლაც შედგა მასსა და კარასინს შორის 2022 წლის მარტში და დასძინა, რომ ამ ჩანაწერში „სკანდალური“ არაფერია.
„კარასინმა აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით. ამ საუბრის შემდეგ გრიგორი კარასინთან ეს თემა აღარ განხილულა“, – განაცხადა აბაშიძემ.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/10/2023 – კარასინი: პრეზიდენტ ზურაბიშვილს „პოლიტიკური შიზოფრენია“ აქვს
- 29/08/2023 – კარასინი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩინეთმა და ინდოეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარონ
- 18/05/2023 – მოსკოვი საქართველოსთან მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტსა და კავშირზე საუბრობს
- 02/02/2023 – კარასინი-აბაშიძის აუდიოჩანაწერს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)