„ეს არის დადებითი და მისასალმებელი“, – პრემიერი რუსეთთან უვიზო მიმოსვლასა და ფრენების აღდგენაზე
„ჰუმანიტარული თვალსაზრისით…, ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, – განაცხადა 11 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მოსკოვის გადაწყვეტილების შეფასებისას.
პრემიერმა გაიმეორა, რუსეთში 1 მლნ ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ა.შ.“ „ეს არის დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება“. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების თვალსაზრისით „უზარმაზარ დისკომფორტსა“ და ხარჯს მოუხსნის, ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილიც არის, „ერთი მცირე კომპონენტი, დეტალი, არა – მთავარი“.
„რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობაც და ამისკენ ისწრაფოდა წინა ხელისუფლება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებდნენ“, – ხაზი გაუსვა მან და დაამატა, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ბევრ სხვა ქვეყანასაც აქვს, მათ შორის, ჩინეთს, ისრაელს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. „ყველა ამ ქვეყანას დღეს აქვს რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა, არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ვინმემ შეცდომაში არ შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება“.
რაც შეეხება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მოსკოვის გადაწყვეტილებას, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვას დღესაც აქვს. „ასევე შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ს წევრი“, – დასძინა პრემიერმა.
ამ კონტექსტში, მანვე გაიხსენა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ“ რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. „გახსოვთ, რომ [ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი] პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს“. „ნაცვლად იმისა, რომ მათ რაღაც გონივრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გამოეჩინათ და პოზიცია გამოეჩინათ, სანაცვლოდ რაღაც მინიმუმ უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი რაიმე პირობების გარეშე მოხსნეს სავიზო რეჟიმი. ეს ფაქტი მინდა, რომ შევახსენო საზოგადოებას“, – ხაზი გაუსვა მან.
„რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში“
პრემიერ ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის მოხსნაზე დასავლელი პარტნიორების სკეპტიციზმსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს რუსეთთან ვაჭრობა დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც მისივე თქმით, „ევროკავშირი, რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში“.
მანვე ხაზი იმასაც გაუსვა, რომ „აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ ჩვენთან აქ რომ დაინგრა, ხალხი დაიღუპა, დავკარგეთ ტერიტორიები, არაფრის გადახედვა არ მოხდა არავისგან, პოლიტიკა გაგრძელდა ისე, როგორც იყო“. ამ კონტექსტში პრემიერმა აღნიშნა, რომ მაშინ ევროკავშირმა რუსეთისგან 2.5 ტრილიონი დოლარის ღრებულების საქონელი შეიძინა. „ესე იგი, ჩვენი ტერიტორია რომ არის ოკუპირებული დღეს და ომი რომ გვქონდა, ამაზე არავინ არაფერი არ გააკეთა, არც სანქციები არ დააწესა, ჩვენ ეს უნდა მოგვეთმინა“.
„დღეს, მესმის, ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინას და უკრაინელებს, ძალიან მინდა და ყველას გვინდა, რომ ეს უბედურება დასრულდეს მალე, ამის გამო თურმე ჩვენ უნდა ჩავყვეთ, გავნადგურდეთ, ომი უნდა იყოს, მეორე ფრონტი უნდა იყოს, ჩვენი ქალაქები დაიბომბოს, გასწორდეს, პოლიგონად გადაიქცეს და ჩვენს ხალხს არ უნდა მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება?! ლოგიკა სად არის?! როცა მე ვეკითხები ჩვენს ევროპელ, დასავლელ მეგობრებს, რომ აი ამას თქვენ რომ მეუბნებით მე, შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! თქვენ რატომ არ აჩერებთ ვაჭრობას?!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, შემდეგი მოთხოვნა, ალბათ, ის იქნება, რომ ქვეყანაში ტურისტები არ შემოვუშვათ. „მე მგონი, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. აი, ეს არის მთავარი მიზანი. ამ გზაზე ძალიან ბევრი მცდელობა იქნება, მაგრამ მე მჯერა, რომ ღმერთის დახმარებით ჩვენ ამ გზას მშვიდად გავივლით და გავიყვანთ ქვეყანას სამშვიდობოს“,- ხაზი გაუსვა მან.
„თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, ჩინეთში და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ მთავრობა ახორციელებს „ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას, ესაა სტრატეგიული მოთმინების გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“. „ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამოცანა, რომ გავძლიერდეთ, როგორც ეროვნული, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა შეზღუდული სუვერენიტეტით“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/05/2023 – ირაკლი კობახიძე: რუსეთს სანქციებს არ დავუწესებთ და არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს
- 10/05/2023 – ილია დარჩიაშვილი მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილებას
- 10/05/2023 – „მორიგი რუსული პროვოკაცია!“ – პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოსთან ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)