skip to content
ახალი ამბები

პესკოვი: მოსკოვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის სრულ გაუქმებას განიხილავს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო უწყებები შეისწავლიან ქართული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ მიმართვას პრეზიდენტ პუტინისადმი საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თაობაზე, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“.

„სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მინახავს [მიმართვა]. მაგრამ თუ იყო, ჩვენ ვნახავთ მას. და, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი უწყებები გაანალიზებენ ამ მიმართვას“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემული განკარგულებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა. საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესვლა 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეუძლიათ. განკარგულება მოიცავდა დათქმას მოქალაქეებისთვის, რომლებიც „რუსეთში შრომითი საქმიანობის მიზნით ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით დარჩენისთვის, მათ შორის განათლების მისაღებად შედიან“.

მანამდე, 2023 წელს დაარსებული პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებმა პუტინს მიმართეს თხოვნით, რომ სრულად გაუქმდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, ასევე ამნისტია იქნას შემოღებული იმ პირებისთვის, ვინც იძულებული გახდნენ რუსეთში დარჩენის წესები დაერღვიათ. გარდა ამისა, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების წესების შემსუბუქება მოითხოვეს.

15 ივნისს, კრემლის მხარდამჭერმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თბილისში მეორე ყრილობა გამართა, სადაც გამოაცხადა, რომ აქტიურად ჩაერთვება საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მოწესრიგებაში, მათ შორის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაში. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალური თბილისის ინიციატივით 2008 წლიდან შეჩერებულია მას შემდეგ, რაც რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა.

„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ირემაძემ 15 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ გადაცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აირჩიეს პარტიის ახალი ლიდერი და პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. მისი თქმით, „ჩვენი პარტია ემხრობა რუსეთსა და საქართველოს შორის სამოკავშირეო ურთიერთობებს და იმედი მაქვს, რომ პირველ ეტაპზე დიპლომატიური, შემდეგ კი სამოკავშირეო ურთიერთობები აღდგება“.

პარტიის პირველი ყრილობა 2023 წლის ნოემბერში გაიმართა, სადაც გამოცხადდა, რომ პარტია აქტიურად დაიწყებს მზადებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მაშინ პარტიის ლიდერად მერაბ ჭიქაშვილი აირჩიეს, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი რეისით მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა 2023 წელს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა მოხსნა. მას ახლდა ევგენი პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრი მიხეილ ჟღენტი, მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი თემურ ფიფია, რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელი და პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე, ვალერი კვარაცხელია, და სხვები. მოსკოვიდან თვითმფრინავის დაშვებას თბილისის აეროპორტთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა.

მსგავსი/Related

Back to top button