Placeholder canvas
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: რუსეთს სანქციებს არ დავუწესებთ და არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 10 მაისს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილება შეაფასა. მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ოპოზიციაც გააკრიტიკა კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგო კამპანიის გამო და თქვა, რომ მასში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც არის ჩართული.

რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირი ფრენების აღდგენა და სანქციები

სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილების შეფასებისას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს არის იმ სანქციის მოხსნა, რომელიც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს ფრენების აკრძალვით დაუწესა. „ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება“.

ოპონენტების კრიტიკაზე, რომ მოსკოვმა ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მაამებლური პოლიტიკის გამო დააჯილდოვა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „დღეს თუ ეს არის ჯილდო, „ქართული ოცნებისთვის“, გამოდის, რომ 2019 წელს, მაშინ, რუსეთმა ქართული ოცნება დასაჯა და მაშინ რაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ. სად არის აქ ლოგიკა?“.

„რეალობა არის ერთი – ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ“, – ხაზი გაუსვა და დასძინა – „საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას აქვს თავის შედეგი და შედეგი არის ის, რომ საქართველოში დღეს ჩვენ არ გვაქვს მეორე ფრონტი, ომი, რაც ასე ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას“.

ასევე ოპონენტების კრიტიკაზე პასუხად, რომ მოსკოვის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება შეაფერხოს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ოპოზიცია ეცდება, რომ ეს თემა „ხელოვნურად“ იმ კამპანიისთვის გამოიყენოს, რომელსაც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ. მისივე მტკიცებით, „არავითარი კავშირი არ არსებობს, ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“. ირაკლი კობახიძე იმითაც დაინტერესდა, თუკი მოლდოვის სიფრთხილე ყველას ესმის, რომელიც ამ დრომდე არ გამოდის დსთ-დან, „რატომ არ ესმით საქართველოს სიფრთხილე ასეთ საკითხებთან დაკავშირებით?“.

რაც შეეხება ასევე ოპონენტების წუხილებს, რომ მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენამ, შესაძლოა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე დამატებითი კითხვები წარმოქმნას, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „არაერთი სპეკულაცია იყო, ზოგადად, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ასეთი რამ საქართველოში არ ხდება“. „აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ ითქვა, რომ არცერთ შემთხვევაში არ იქნება სანქციების გვერდის ავლა დაშვებული“, – ხაზი გაუსვა მან.

მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო არ დააწესებს რუსეთის მიმართ სანქციებს, რადგანაც „რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, სინამდვილეში, საკუთარ ქვეყანას და საკუთრ ხალხს დავუწესებთ სანქციას, რასაც არ გავაკეთებთ“. „რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ და არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს“, – ხაზი გაუსვა მან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მტკიცებით, რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ქვეყანას ნაცვლად გასული წლის 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, 10%-18%-მდე ვარდნა ექნებოდა. „ამას ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია. მათ უნდოდათ ქვეყნის გაღატაკება და ამას ვერ მიაღწიეს, იმიტომ, რომ ჩვენ დავიჭირეთ მტკიცე პოზიცია“.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციაც მოიხმო და ხაზი გაუსვა, რომ ქართული დიასპორის საქართველოსთან კავშირის ხელშეწყობა „ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა“. „რატომ უნდა დავუწესოთ ჩვენ სასჯელი, სანქცია, საკუთარ მოქალაქეებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ უახლოეს წარსულში საქართველოში სამჯერ იყო რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ „ქსენოფობიური კამპანიის აწევის მცდელობა და იქმნებოდა პანიკა, რომ რუსები გადააჭარბებდნენ ჩვენს [მოქალაქეებს] ქვეყანაში, რაც იყო ცარიელი სპეკულაცია… [და] ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება“. მისივე თქმით, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად ამას კიდევ ერთხელ ეცდებიან, თუმცა „საზოგადოება ხედავს ყველაფერს, რომ ხელისუფლება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას და უსაფრთხოების კუთხით ყველაფერი არის უზრუნველყოფილი“. „ჩვენ არ დავუშვებთ ეთნიკური ნიშნით ქსენოფობიური კამპანიების გაჩაღებას ჩვენს ქვეყანაში“.

პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მიღების საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც უპასუხა, სადაც მან ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდა. „პრეზიდენტი იყო ჩართული აქამდეც იმ კამპანიაში, რომელიც უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას და, პრაქტიკულად, მან გააგრძელა ეს კამპანია. მან უკვე დაუკავშირა რუსეთის მიერ სანქციის მოხსნა ევროინტეგრაციას, რაც არის სრული აბსურდი, ამით ის კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

„არის არაერთი ღია პრეცედენტი იმისა, რომ უცხოური ორგანიზაციები აფინანსებენ საქართველოში პოლიტიკურ გაერთიანებებს“

ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ქვეყნის გარედან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იკრძალება, „არის არაერთი ღია პრეცედენტი იმისა, რომ უცხოური ორგანიზაციები აფინანსებენ საქართველოში პოლიტიკურ გაერთიანებებს“. მისივე მტკიცებით, ზოგჯერ ამას „შემოვლითი გზით“ ცდილობენ, რაც კანონმდებლობის დარღვევაა და სანქციებს ითვალისწინებს.

„ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. შეიძლება მივმართოთ [სახელმწიფო] აუდიტის სამსახურს, მაგრამ ეს არის აუდიტის სამსახურის გადასაწყვეტი, თუ ვის შეეფარდება სანქცია და ვის არა. თუმცა ის, რომ კონკრეტული ორგანიზაციები უაპელაციოდ ერევიან ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში, ეს არის, ბუნებრივია, შემაშფოთებელი“, – განცხადა მან.

ამის ერთ-ერთ მაგალითად მან ოპოზიციური პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ბანაკები დაასახელა, სადაც ირაკლი კობახიძის თქმით, ახალგაზრდებს იარაღის გამოყენებასაც ასწავლიან. მმართველი პარტიის თავმჯდომარისვე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის „სამშობლოს ფენომენი საერთოდ უცხოა [და] დეზერტირობა არის [მისი] მთავარი ხაზი“, „შეიძლება კონკრეტული ეჭვები გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნით ხდება ამ ადამიანების დატრენინგება“.

„ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რა ესაქმება პოლიტიკური პარტიის ტრენინგებთან იარაღის გამოყენებას, [ეს] არის აბსოლუტურად გაუგებარი და მეორე, როცა ამას უკავშირდება უცხოური დაფინანსება, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია, ამიტომ, ალბათ ჩაღრმავება სჭირდება ამს საკითხს“, – ხაზი გაუსვა ირაკლი კობახიძემ.

ე.წ. ქოლცენტრების საქმე

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საერთაშორისო სტანდარტით „მიმდინარე გამოძიების გარშემო არ იქმნება ხოლმე საპარლამენტო კომისიები“. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების განცხადებაზე, რომ ქვეყანაში ქოლცენტრების მოწყობა ხელისუფლების ინფორმირებულობის გარეშე ვერ მოხდებოდა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა: „როდესაც დაიწყო აღზევება საქართველოში ამ ქოლცენტრების ბიზნესმა [დავით] კეზერაშვილის ხელმძღვანელობით, მაშინ ჯერ შს მინისტრი იყო გახარია და მოგვიანებით პრემიერი გახდა, მაშინ გამოდის, რომ თვითონ გახარია უნდა ყოფილიყო ჩართული ამ ბიზნესში, მათივე ლოგიკით“.

მანვე აღნიშნა, რომ ის რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქოლცენტრების სახით შექმნა, „არის სამარცხვინო“ და ახლა ოპონენტები ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი საქართველოზე განაზოგადონ. „როცა გინდა, რომ კეზერაშვილამდე დაყვანილი პრობლემა აიყვანო საქართველომდე და საქართველოს მოსახლეობამდე, არის სამარცხვინო… თაღლითების პარტია არის კეზერაშვილისა და გახარიას პარტია და ნუ განაზოგადებენ ამას საქართველოს მოსახლეობაზე, ეს სირცხვილია და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა“, ხაზი გაუსვა მან.

„დანაშაული, სამწუხაროდ, იქნა ჩადენილი, რაც ცუდია, მაგრამ არაერთი პრობლემა შეუქმნიათ ამ თაღლითებს, კეზერაშვილებს და სხვებს ჩვენი ქვეყნისთვის და ესეც მორიგი დანაშაულია, რომელიც მათ აკადრეს საკუთარ ქვეყანას და ხალხს. თუმცა, მთავარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცველმა სტრუქტურებმა მოახდინეს სწრაფი და სათანადო რეაგირება“, – თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და დაამატა, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ წარმატებით ითანამშრომლა გერმანულ სამართალდამცველ სტრუქტურებთან, რისთვისაც მადლობაც მიიღო.

დავით არახამიას განცხადებებზე პასუხი

საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის შესაძლო დასანქირებისა და საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნების პირობებზე უკრაინის „რადას“ საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებებზე პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან პოლემიკაში შესვლა არ სურს. „რაც შეეხება კონკრეტულად არახამიას, ის პიროვნულადაც არავითარ რეაგირებას არ იმსახურებს“, – ხაზი გაუსვა მან.

ირაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გახმობით „მარტივი გათვლა იყო“, რომ ემოციურ ფონზე ეს ქვეყანაში არეულობას გამოიწვევდა. „დღეს, როცა ამას წყალობად წარმოგიჩენენ, ელჩის დაბრუნება საქართველოში სჭირდება უკრაინულ მხარეს, საქართველოს ელჩი უკრაინაში არის ადგილზე, მუშაობს და ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს, უკრაინის ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად“, – განმარტა მან.

გადაჯგუფება ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაში გარკვეულ გადაჯგუფებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „შესაკრებთა გადანაცვლების პროცესი მიმდინარეობს“. „ეს არის ძალიან კარგი, ვიდრე ერთმანეთში არკვევენ ურთიერთობებს, აქვთ კონფლიქტები, ოდიოზურ პირებს ირჩევენ თავმჯდომარეებად, მაღალ თანამდებობებზე და ა.შ. ამასობაში შესაკრებთა ჯამი მცირდება“.

„მთავარი არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია თანდათანობით სუსტდება. შესაბამისად, ეს გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან კარგი შედეგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – დასძინა მან.

პრემიერის სიტყვა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის მიმართ კრიტიკასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ისეთ კონფერენციაში მონაწილეობის გაპროტესტება, სადაც საუბარი იყო ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებზე, „რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია“.

„სამწუხაროდ ჩვენ გვახსენებს იმას, რომ თანდათანობით მძლავრობს, ცალკეულ ევროპულ ოჯახებში ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც კლასიკურ ლიბერალიზმთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა მან და დასძინა – „თუ ჩვენთვის უნდათ ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევა, ჩვენ ამას ძალიან ღიად და მკაფიოდ გავემიჯნებით, ყოველგვარი ქარაგმების გარეშე“. ამ კონტექსტში მან ევროპის სოციალისტურ პარტიასთან „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის გადახედვაზეც მიანიშნა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში სწორედ ამ ფსევდო-ლიბერალურ ხაზს ატარებს და ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – „ისინი არიან უცხოური აგენტები“. „შესაბამისად ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაპირისპირება ნიშნავს არამხოლოდ ადამიანის უფლებების შელახვასთან დაპირისპირებას, ბიზნესის რეკეტთან, ტელევიზიების მიტაცებასთან, რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარებასთან დაპირისპირებას, ეს ნიშნავს ასევე იმ იდეოლოგიასთან დაპირისპირებას, რომელსაც ეფუძნება „ნაცმოძრაობა“ თავისი არსით“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button