ახალი ამბები

პრეზიდენტის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას გამოხმაურებები მოყვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო ორკვირიანი ვადის ამოწურვამდე დაადო. მართალია მას პარლამენტისთვის ვეტოსთან ერთად მოტივირებული შენიშვნები უნდა გაეგზავნა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ „თამაშში შესვლას“ და რომ ცვლილების შეტანის ნაცვლად, კანონი საერთოდ უნდა გაუქმდეს.

„სამოქალაქო საქართველო“ პრეზიდენტის ვეტოზე საერთაშორისო და შიდა გამოხმაურებებს გთავაზობთ:

საერთაშორისო გამოხმაურებები

ნუს განი, გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპის საკითხებში: “გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი”.

შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: „საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გამჭვირვალობის კანონზე დადებული ვეტო შემდგომი დაფიქრების საბაბს იძლევა. დღევანდელი ფორმით – კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და კურსს. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს, გამოიყენოს შესაძლებლობის ეს ფანჯარა და უზრუნველყოს საქართველოს დარჩენა ევროპულ გზაზე, რომელსაც მოსახლეობა მხარს უჭერს. მე კვლავაც მივადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს“.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გვიჩვენებს გამოსავალს ქარიშხლიდან. საქართველოს შეუძლია უარყოს ეს კანონი და ევროპა აირჩიოს“.

თიის როიტენი, ევროპარლამენტარი: „ახლა საქართველოს პარლამენტს ერთი საბოლოო შანსი აქვს, რომ სწორი რამ გააკეთოს. მან მთლიანად უნდა გააუქმოს კანონი. მე ვთხოვე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, მოამზადოს სანქციები ყველა დეპუტატის წინააღმდეგ, ვინც ხმას მისცემს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას“.

მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტო უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე წინ მიმავალ გზას გვთავაზობს. ესტონეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უკან გაიწვიოს კანონი და საქართველოს ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს“.

მიხაეილ როთი, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „უცხოელი აგენტების კანონს“. გამოვიყენოთ შანსი, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. არ არის დაგვიანებული რუსეთის ნაცვლად ევროპის არჩევა“.

ადრიენ უოტსონი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი: „მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოელი აგენტების კანონზე ვეტოს დადებით. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ დაძლიონ მისი ვეტო“.

შიდა გამოხმაურებები

მმართველი გუნდი

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები (ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ). რაც შეეხება ჩვენს კონსტუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა. ნაცების, მდიდარი ენჯეოების და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ –  “არა რუსულ კანონს” ჩავარდა!“

ოპოზიცია

ნიკა გვარამია, „ახალი“: „სწორად მოიქცა ზურაბიშვილი (თუ სწორად გავიგე, ბლანკეტური ვეტო დაადო, შენიშვნების გარეშე). ოცნება ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით… ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი და გონივრული გადაწყვეტილებაა“.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button