„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
ფართომასშტაბიანი პროტესტისა და დასავლეთის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა 14 მაისს 84 ხმით 30-ის წინააღმდეგ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო.
„სამოქალაქო საქართველო“ საერთაშორისო გამოხმაურებებს გთავაზობთ:
აშშ-ის ჰელსინკის კომისია: „საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო რუსული სტილის კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ, ხალხის ნების ძალადობრივი უგულებელყოფით და მის მიერ დიდი ხნის წინ გამოცხადებულ ევროატლანტიკურ გზაზე უარის თქმით. მძიმე დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის. თუმცა ქართული თავისუფლების სული შეუქცევადია. შეერთებული შტატები აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რომელიც წარმოუდგენელ გამბედაობას და თავდადებას ავლენს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის საქმეში“.
სამანტა ფაუერი, USAID-ის ადმინისტრატორი: „კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რომელთაც მომავალში გაურთულდებათ საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების მიწოდება. ღრმად ვართ შეშფოთებული იმ შედეგებზე, რასაც ეს კანონი იქონიებს ორგანიზაციებზე, რომლებიც მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით… ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ესკალაციისა და ძალადობრივი ქმედებებისგან, ხოლო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს იმუშაოს ისეთ ინიციატივებზე, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ითვალისწინებს“.
იან ლიპავსკი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „უცხოლი აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის მიღება ზიანს აყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და, შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. საქართველოს მთავრობამ ამ ნაბიჯით და მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებით საკუთარი ნებით დაიწყო ევროკავშირში წევრობისგან ჩამოშორება. ჩვენ ვგმობთ ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას“.
ხავიერ კოლომინა, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალური აზიაში: „უცხოელი აგენტების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აშორებს, რაც მთავარი მიზანია ქართველებისთვის და რომელსაც ნატო მხარს უჭერს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“.
ფარა დახლალა, ნატოს პრესსპიკერი: „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ე.წ უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შესახებ არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას კიდევ უფრო აშორებს. მოვუწოდებთ საქართველოს შეცვალოს კურსი და პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“.
ედგარს რინკევიჩსი, ლატვიის პრეზიდენტი: “საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი თბილისში კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის. იმავდროულად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას.
რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: „თბილისი, ჩვენ გისმენთ! ჩვენ გხედავთ! ქუჩებში გამოსული ქართველები ევროპაზე ოცნებობენ, ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშა. მათ ევროპული მომავალი სურთ. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას“.
სენატორი ჯიმ რიში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი: „დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავლით. ეს არის სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ფართომასშტაბიანი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის გზას და ზიანს აყენებს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: “დიდ იმედგაცრუებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს აშორებს ევროკავშირს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები”.
ლარს ლოკე რასმუსენი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს კანონი „უცხოელი აგენტების” შესახებ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ის ახლა საქართველოს ნამდვილი პარტნიორების რჩევის მიუხედავად მაინც მიიღეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და კატეგორიულად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი და დაიცვას ევროკავშირის გზისადმი ერთგულება“.
ანნალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ევროპის თავისუფლების კავშირი აგებულია კანონის უზენაესობაზე. სწორედ ამიტომ გამოდის თბილისში ხალხი ქუჩაში. საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, გამოიყენოს ევროპის მიერ შემოთავაზებული ისტორიული შესაძლებლობა, ნაცვლად იმისა, რომ შემოიღოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის ღირებულებებს“.
გრანტ შაპსმა, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, 14 მაისს, კანონპროექტის მიღებამდე განაცხადა: „ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, ისევე, როგორც ჩვენ ვიხილეთ რუსეთის, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული შეხვლა უკრაინაში. პუტინს არ შეუძლია არ ჩაერიოს, ხან სამხედრო გზით, ხან გავლენის დახმარებით, სხვა ქვეყნების საქმეებში, რაც არ არის კარგი ამ სამყაროსთვის, არ არის კარგი თავისუფლებისთვის ან დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვგმობთ ამ გავლენას და მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ამ გავლენას. მე ვფიქრობ, რომ ასეც უნდა გააკეთონ, რადგან პუტინმა აჩვენა, განსაკუთრებით საქართველოში, რომ ის არ არის კარგი მსოფლიოსთვის და არ არის კარგი მეზობლებისთვის. ”
რობინ ვაგენერი, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში: „კანონის მიღება ფუნდამენტური შეცდომაა და მიმართულია ევროკავშირისკენ საქართველოს გზის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ დაარღვია შარშან მიცემული დაპირება, რომ არ მიიღებდა კანონს, არამედ სრულიად უგულებელყო ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება, რომელსაც სურს თავისი ქვეყანა ევროკავშირის წევრად იხილოს. კანონის მიღება შეაჩერებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყება. აშკარაა, რომ კანონი ეწინააღმდეგება ძირითად ევროპულ ღირებულებებსა და პრაქტიკას. ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეძლებათ თავისუფლად მოქმედება და მედიის თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი, ყველა დემოკრატიული ქვეყნის საფუძველია. ეს ასევე გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანების წარმატებული პროცესისთვის. ჩვენ ღრმად ვართ იმედგაცრუებული საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი ავტორიტარული და ანტიევროპული კურსის გამო. ეს გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოსთვის ორმხრივი და ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში. მიზანმიმართული შემზღუდველი ზომებიც კი ევროპულ დონეზე უნდა განიხილებოდეს. კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ენერგია და გამბედაობა ძალიან შთამბეჭდავია. ეს აჩვენებს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას ევროპული გზის მიმართ. აქციის მონაწილეების მიმართ ნებისმიერი ძალადობა ან დაშინება სრულიად მიუღებელია. მოვუწოდებ ხელისუფლებას პატივი სცეს ხალხის ნებას და ერთხელ და სამუდამოდ გააუქმოს კანონი“.
თეოდოროს რუსოპულოსი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ინფორმაციით, პრეზიდენტმა რუსოპულოსმა „კატეგორიულად დაგმო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, ასევე პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ სადავო კანონს ეწინააღმდეგებიან. „ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, მიუხედავად კანონზე მათი შეხედულებისა“, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა რუსოპულოსმა. ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოუწოდა ქართველ კანონმდებლებს, კანონის ამოქმედებამდე სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
გაერო საქართველოში: „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო. კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად“.
მირიამ ლექსმანი, ევროპარლამენტარი: „ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ივანიშვილის ინტერესები საქართველოს ინტერესებზე მაღლა დგას. სამწუხარო დღეა ქართული დემოკრატიისთვის“. მან ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს მიმართა, რომ „დროა ევროკავშირმა მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს ოლიგარქს და დადგეს ქართველი ხალხის გვერდით“.
ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი: „ძალიან ცუდი ინფორმაცია მოდის დღეს საქართველოდან. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წაქეზებით, ქართულმა ელიტამ გადაწყვიტა ქართულ საზოგადოებას „უცხოელი აგენტების“ შესახებ რუსული სტილის კანონი მოახვიოს თავს და აშკარად ქართველების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის მიღება არის საქართველოს პროდასავლური და ევროატლანტიკური მიმართულებისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. წარმატებებს გისურვებთ დასავლური სტრუქტურებისკენ მიმავალ გზაზე. შეინარჩუნეთ გამბედაობა და არ დაკარგოთ იმედი, რომ თქვენს კეთილშობილურ მიზნებსს მიაღწევთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)