skip to content
ახალი ამბები

120 არასამთავრობო ორგანიზაცია „აგენტების“ კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევას“ ითხოვს

120-მა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 16 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონის“ უპირობო გაწვევას ითხოვენ.

„საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კანონად ქცევამდე პრეზიდენტის ვეტო რჩება, რომელიც პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.  

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ „ქართველი ხალხი რუსულ კანონებს, ძალადობრივ მმართველობასა და დასავლური სამყაროსგან მოწყვეტას არ მივიღებთ“. არასამთავრობოები იზიარებენ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას. „კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ. სწორედ ამ ძალადობის და დასავლური ვექტორის შეცვლის შემაკავებელი კანონზომიერი შედეგი იქნება პერსონალური ფინანსური სანქციები, რომელიც მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესდებათ, ვინც ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა პირადი ინტერესი დააყენა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართველი ხალხის ნება ურყევია. ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button