
პრეზიდენტი ივანიშვილს ახალ არჩევნებზე სალაპარაკოდ იწვევს და არჩევნების მოსამზადებლად საბჭოს შექმნას აანონსებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა მას შემდეგ, რაც წინა დღეს ხალხის წინაშე სრულყოფილად გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა. პრეზიდენტმა მმართველ პარტიასთან დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ორბელიანების სასახლეში მიიწვია, რათა 29 დეკემბრამდე ახალი არჩევნების თარიღი განისაზღვროს იმ კონკრეტული პირობებით, რომლებიც საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად უნდა დაკმაყოფილდეს. პრეზიდენტმა ასევე დააანონსა სპეციალური საბჭოს შექმნა ახალი არჩევნების მოსამზადებლად.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში 25-დღიანი საპროტესტო აქცია საზოგადოებაში „არაჩვეულებრივი განწყობით“ გაგრძელდა და გამოთქვა რწმენა, რომ ქართველები საპროტესტო აქციებს შიშის გამო არ შეწყვეტენ.
„როცა არჩევნები არ შემდგარა და გაყალბდა, საზოგადოებაში ამ არჩევნების შედეგის ნდობა აღარ არის, ყველაფერი დანარჩენი, რაც ზოგადად, არჩევნებს მოჰყვება დემოკრატიულ სისტემაში აღარაა დამაჯერებელი, აღარა ლეგიტიმური, აღარაა კონსტიტუციური“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულება სასამართლოს ყველა ინსტანციაში შეიტანეს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც არც კი განიხილა პრეზიდენტის სარჩელი. მისი თქმით, ბოლო ინსტანცია სტრასბურგის სასამართლოა, თუმცა მის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ძალიან დიდი დრო სჭირდება.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჩვენი პარტნიორები არა მხოლოდ შეშფოთებულნი არიან, როგორც იცოდნენ ხოლმე წარსულში, ახლა ნელ-ნელა გადავიდნენ უფრო და უფრო რეალურ ქმედებებზე, მით უფრო ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ“. მისი თქმით, „რეალურად, ეს კრიზისი ისეთ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ფინანსურ და საერთაშორისო ფაზაში გადავიდა“, რომ მის მოსაგვარებლად მხოლოდ ორი გზა დარჩა.
მისი თქმით, კრიზისიდან ორი გამოსავალი არსებობს: პირველი ვარიანტია ახალი არჩევნების ჩატარება უმოკლეს დროში და იმ პირობებში, რაც ამომრჩეველთა ნდობას აღადგენს. და ამ კუთხით, მმართველ გუნდთან მიღწეული უნდა იქნას შეთანხმება, რომ ეს არჩევნები შეთანხმებულ ვადებში ჩატარდება.
„დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და მათთან, ვინც იყო არჩევნების მონაწილე, ვინც აკვირდებოდა მას და ზუსტად იცის რა პირობები იყო და როგორ დაირღვა არჩევნები“, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მეორე მხარეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი. „მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მაშინ მეც მარტო ვიქნები და ვილაპარაკოთ“, – დასძინა მან.
„ამისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რადგან ეს კრიზისი აღარ ითმენს და თუ ამ კვირაში, თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც ნამდვილად, დაწყნარების და მშვიდობის გასაღებია, მაშინ შევხვდეთ, რატომ გადავდოთ, ამ კვირაში, 29-მდე, მე მზად ვარ და მივიღებ ნებისმიერ ფორმატში, შევთანხმდეთ და ეს იქნება ძალიან მარტივი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება მეორე ვარიანტს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ დიალოგის ვარიანტი ვერ იქნება მიღწეული, „მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ არჩევნებამდე მივალთ რეჟიმის ჩამოშლით. სხვა გზა არ არის. უკვე იშლება ეს რეჟიმი. ეს არის ალტერნატივა – ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა. ყველაფერი არ იქნება ისე, როგორც ოცნება თვლის. საჭიროა დათმობა, საჭიროა რაღაცების აღიარება, მაგრამ შეიძლება კომპრომისი. თუ არა და – ეს არის რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ახალი არჩევნებისთვის სპეციალური საბჭოს შექმნის შესახებაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით: „შეიქმნება ასევე საბჭო იმისთვის, რათა ვმართოთ ეს პერიოდი. ამ საბჭოს მანდატი იქნება ერთი და მხოლოდ ერთი – ეს იქნება ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება იმ დღის შეხვედრის შემდეგ და ხვალ, ალბათ, მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობებს, რომელიც ძალიან სწრაფად არჩევნების ჩასატარებლად მინიმალური პირობებია, შემდეგ იქნება მუშაობა იმისთვის, რომ ყველა კუთხით და ყველა შესაძლო მიმართულებით, ყველამ ერთად მოვითხოვოთ, მოვამზადოთ და ჩვენ თვითონაც ვიყოთ მზად. რადგან ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები. ალბათ, გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დასასრულს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბევრს საუბრობენ 29 დეკემბრის შესახებ, როდესაც მას პრეზიდენტობის ვადა ეწურება. მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი მას მანდატის ამოწურვით აშინებს, ზოგი კი მისი დაცვის მზადყოფნას გამოხატავს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას დაცვა არ სჭირდება, რომ არ ეშინია, რომ იგი 29 დეკემბრის შემდეგაც გააგრძელებს პრეზიდენტად ყოფნას. მისი თქმით, საქართველოში არავის სურს ქაოსი, რევოლუცია ან სამოქალაქო ომი, არამედ ყველას სურს საქართველო დემოკრატიულად და მშვიდობიანად განვითარდეს დასავლელ პარტნიორებთან ერთად. „ეს ქვეყანა წავა თავისი გზით მშვიდობიანად. გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს და იქნება ძალიან წარმატებული და ძლიერი!“, – დასძინა პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 22/12/2024 – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს პატიმრობით ემუქრება
- 21/12/2024 – პრეზიდენტი ახალი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნისკენ მოუწოდებს და მზად არის ივანიშვილს შეხვდეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)