skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუები უცხოურ მედიასთან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს ინტერვიუები მისცა უცხოურ მედიასა და გამოცემებს, მათ შორის DW-ს, RFI-ს, La Croix-ს, Franceinfo-ს, BBC-სა და LTV Ziņu Dienests-ს, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის იმ საფრთხეებს შეეხო, რასაც ის ქართულ დემოკრატიას უქმნის. მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტის ვეტოზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე.

„სამოქალაქო საქართველო“ ინტერვიუებიდან პრეზიდენტის მთავარ გზავნილებს გთავაზობთ:

რატომ არის „უცხოელი აგენტების“ კანონი რუსეთის კანონი? პრეზიდენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხასიათი განმარტა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ის 2012 წელს რუსეთში მიღებულ ანალოგიურ კანონმდებლობაზეა აგებული. მან მედიას განუცხადა, რომ კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების გაჩუმებას, რითიც ძირს გამოუთხრის საქართველოს დემოკრატიას, უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიზანში ამოღებითა და უცხოელ აგენტებად გამოცხადებით.

პრეზიდენტის ვეტო და შესაძლო მოლაპარაკებები კანონზე: პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს 14 დღის ვადაში დაადებს. აღნიშნა რა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას საკმარისი ხმები აქვს მისი ვეტოს დასაძლევად, პრეზიდენტმა განაცხადა,  რომ მისი ვეტო იქნება ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების დემონსტრირება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს. მან კატეგორიულად გამორიცხა მმართველ უმრავლესობასთან კანონის ნებისმიერ ნაწილზე მოლაპარაკების შესაძლებლობა და მტკიცედ განაცხადა, რომ კანონი მთლიანობაში პრობლემურია და უნდა ჩავარდეს.

არჩევნების მნიშვნელობა: ინტერვიუებში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ოქტომბრის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობას და განაცხადა, რომ არჩევნები იქნება რეფერენდუმის მსგავსი, სადაც ხალხი გადაწყვეტს და ხმას მისცემს, ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურთ თუ რუსული. მისი თქმით, იგი იმუშავებს, რათა ხალხს არჩევნების გზაზე წაუძღვეს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებას სურს არჩევნების გაყალბება და აღნიშნა, რომ ხალხს ამის თავიდან აცილება მასობრივი მობილიზებით შეუძლია. სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება ახალგაზრდებისა და ემიგრანტების ნება. „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით საქართველოს, როგორც ქვეყნის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ შესაძლო ზომების მიღებაზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის ევროკავშირის მიერ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება: პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლი ინიცირებისა და მიღების, არამედ მისი ბოლოდროინდელი ღიად ანტიდასავლური პოზიციის გამოც გააკრიტიკა  და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ და რუსეთი იგივე ნარატივს იზიარებენ. მან რამდენჯერმე ახსენა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი 29 აპრილის გამოსვლა და განაცხადა, რომ მან და მისმა პარტიამ დასავლეთს ომი გამოუცხადეს.

მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების განვითარება: პრეზიდენტმა კანონთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე პროგნოზის გაკეთებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ საქართველოში უკრაინის მაიდნის მსგავსი ან ბელარუსში ლუკაშენკოს გამარჯვების მსგავსი პროცესები იხილოს. პრეზიდენტის თქმით, იგი შეეცდება, რომ ხალხი მშვიდობიანად მიიყვანოს არჩევნებამდე.

მსგავსი/Related

Back to top button