ახალი ამბები

პარლამენტმა გენდერული კვოტები გააუქმა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიიღო, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება თავიანთი საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ. საარჩევნო კოდექსის წინა ფორმულირებით, პარტიული სიაში ოთხიდან ერთი კანდიდატი ქალი უნდა ყოფილიყო.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეთანხმება მმართველ პარტიას „ქართულმა ოცნებასა“ და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „გირჩს“ შორის, რომლის ფარგლებშიც მმართველი პარტია მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას პარტიულ სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე. სანაცვლოდ, „გირჩი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას „ოცნებისთვის” მისაღებ კანდიდატს მისცემს ხმას.

2023 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ პარტიულ სიებში სავალდებულო გენდერული კვოტირების მოქმედების ვადა 2032 წლამდე გაახანგრძლივა. ამასთან, დაკონკრეტდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს ქალი (და არა განსხვავებული სქესის). 2018 წელს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. მოგვიანებით, 2020 წელს პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები მიიღო, რომლითაც 25%-იანი გენდერული კვოტები შემოვიდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button