ახალი ამბები

პარლამენტმა გენდერული კვოტების შესახებ ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 9 თებერვალს 88 ხმით 3-ის წინააღმდეგ საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტების შესახებ ცვლილებები მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო.

ცვლილების თანახმად, პროპორციულ პარტიულ სიებში სავალდებულო გენდერული კვოტირების მოქმედების ვადა არა 2032 წლამდე, არამედ 2032 წლის ჩათვლით არჩევნებისთვისთვისაც იმოქმედებს. ამასთან, დაკონკრეტებულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს ქალი (და არა განსხვავებული სქესის). ხოლო საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის კი – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.

აგრეთვე, თუკი აქამდე პარტიული სიით გამოკლებულ მამაკაც დეპუტატს ისევ იმავე სქესის დეპუტატი ანაცვლებდა, ცვლილების შემდეგ, მას სიის მომდევნო ნომერი ჩაანაცვლებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი მიქანაძემ, რომელმაც პლენარულ სხდომაზე ცვილილებები 8 თებერვალს წარადგინა, აღნიშნა, რომ ინიციატივა გენდერული კვოტის გაზრდასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობას წაახალისებს.

„საფარის“ შეფასება

„სამოქალაქო საქართველოსთან“ საუბარში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია სავალდებულო გენდერული კვოტირების ვადის გადაწევას მიესალმა და თქვა, რომ მისი გადავადება კიდევ მოგვიწევს.

„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ პარტიებში არ არსებობს თანასწორი გარემო და დაწინაურების კრიტერიუმები. შესაბამისად, ყველა კრიზისის დროს, ქალები მეორე პლანზე გადადიან და ვერ მონაწილეობენ შიდაპარტიულ მართვაში. ეს ვითარება 2032 წლამდე ისე ვერ გაჯანსაღდება, რომ კვოტა საჭირო აღარ იყოს“, – განაცხადა მან.

პატარაიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კვოტირების ვადის გადაწევის პარალელურად, საჭიროა თავად კვოტების გაზრდაც, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი ქალების რაოდენობა მაინც „ძალიან დაბალია“.

შენიშვნა: მასალა 2023 წლის 10 თებერვალს, 15:15 სთ-ზე, ბაია პატარაიას კომენტარით განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button