skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პროტესტის ფონზე საგაზაფხულო სესია გახსნა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 4 თებერვალს საპროტესტო აქციების ფონზე საგაზაფხულო სესია გახსნა, რომლის დღის წესრიგშიც მხოლოდ ერთი საკითხი – „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა იყო.

დილიდან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 12 იანვარს დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ. სულ მცირე ორი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელისკენ გადაინაცვლეს, სადაც დეპუტატების მანქანები საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შედიოდნენ და მათ გაჩერებას შეეცადნენ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ბლოკავდნენ მოძრაობას და ტროტუარზე იდგნენ, აქციის მონაწილეები საბოლოოდ პოლიციამ აიძულა რუსთაველის გამზირზე გადასულიყვნენ.

მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა უკან დაიხიეს, პოლიციამ, გავრცელებული ინფორმაციით, მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ ძალა გამოიყენა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩაავლო პოლიციელმა ონლაინ მედია „პუბლიკას“ ფოტოგრაფს ნათია ლევერაშვილს თმებში ხელი, ხოლო ონლაინ მედიის on.ge-ს მთავარ რედაქტორს თავში მუშტი ჩაარტყეს და ასფალტზე დააგდეს.

საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს პარლამენტმა უსაფრთხოების ყვითელი დონე გაააქტიურა. „აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზშში.

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მმართველი პარტიის დეპუტატებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომლის ლეგიტიმურობაც სადავოა. ყოფილი ფეხბურთელისა და „ხალხის ძალის“ წევრის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა წამოაყენა. ის პრეზიდენტის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა

„სურთ თუ არა ქვეყნის შიგნით და გარეთ მყოფ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს, მოუწევთ, მიიღონ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანი და პატივი სცენ მას“,-  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თავის გამოსვლაში ყაველაშვილმა ასევე გააკრიტიკა ქვეყნის ევროპელი პარტნიორები და ისინი „ორმაგ სტანდარტებსა“ და საქართველოს მიმართ „უსამართლო დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა.  „ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ, ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას“, – აღნიშნა მან. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას და გაძლიერებას ისახავს მიზნად“.

ყაველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოუწია „დანის პირზე სიარული“ და დასძინა, რომ „ჩვენი ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა, კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ დესტაბილიზაციისთვის. საფრთხე კვლავაც მაღალი იქნება, ვიდრე არ დასრულდება ომი უკრაინაში და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები“.

ყაველაშვილმა ასევე გამოხატა სიხარული დონალდ ტრამპის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევის გამო და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ და ტრამპი ღირებულებებს იზიარებენ. „სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება – სწორედ ესაა ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მომავალი 4 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის ასეთი თანხვედრა მაძლევს ღრმა რწმენის საფუძველს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ მოვახერხებთ ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი ასევე შეეხო თავის ადრინდელ სადავო გადაწყვეტილებას, უპრეცედენტო რაოდენობის (613) პატიმრების შეწყალების თაობაზე და განაცხადა: „ჩვენი მთავარი პრინციპი, რითაც ვიხელმძღვანელეთ შეწყალებისას, იყო ბალანსის დაცვა ჰუმანურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის“. ვრცელდებოდა ვარაუდი, რომ ყაველაშვილმა, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, ძალიან ბევრი ადამიანი შეიწყალა.

ყაველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. მისი თქმით, „საზოგადოებაში ხელოვნური პოლარიზაციის ფონზე, სპორტმა და კულტურამ განსაკუთრებული გამაერთიანებლის როლი უნდა ითამაშოს“.

მან ასევე განაცხადა, საპროტესტო აქციებში „აქტიურად იყენებენ არაერთ გულწრფელ და გულანთებულ ახალგაზრდას“. ყაველაშვილის თქმით, ახალგაზრდებს „მოჭარბებულია ემოციები“ აქვთ და „იმპულსური, მეამბოხე და ფეთქებადი“ ხასიათი აქვთ. „ჩემთვის წარმოუდგენელია, არსებობდეს ქართველი ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას, ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას. თუკი არსებობს ასეთი ადამიანი, ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მან და ახალგაზრდებს მიმართა: „ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ, ქართველები, ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ერთმანეთის მიმართ მტრულად ვერ ვიქნებით“.

მან დიალოგისა და „ერთმანეთზე ზრუნვისკენ“ მოუწოდა: „ჩვენ, განსხვავებულობის მიუხედავად, მოგვიწევს, გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ამიტომ, უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზეს საკუთარ თავში, მოვახერხოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია, საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს“.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგის პირველი საკითხები

ერთპარტიული პარლამენტის შეკრების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რამდენიმე რეპრესიული კანონპროექტი მალე კანონის სახეს მიიღებს.  წინა დღით „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ადმინისტრაციულ კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები გამოაცხადა, რომელთა მიხედვიდაც ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15-დან 60 დღემდე გაიზრდება, ხოლო ძალადობისკენ საჯარო მოწოდება ჯარიმის ნაცვლად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. მიმდინარე კვირის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები ასევე განიხილავენ საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს, რომელიც 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების სავარაუდო „სისტემურ დანაშაულებს“ გამოიძიებს. ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის სისხლისსამართლებრივი დევნა და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა „ქართული ოცნების“ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო წინასაარჩევნო პერიოდში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button