skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ და „გირჩი“ პარტიულ სიაში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე შეთანხმდნენ

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ და საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „გირჩი“ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის ფარგლებშიც მმართველი პარტია მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას პარტიულ სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე. საარჩევნო კოდექსის არსებული ფორმულირებით, პარტიული სიაში ოთხიდან ერთი კანდიდატი ქალი უნდა იყოს.

სანაცვლოდ, „გირჩი“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას „ოცნებისთვის” მისაღებ კანდიდატს მისცემს ხმას. როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, „გირჩის“ მხრიდან არსებობს თანხმობა, რომ „ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული“. პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

საქართველოს „ქალთა მოძრაობამ“ და სახალხო დამცველმა განცხადებები გაავრცელეს, სადაც „გირჩის“ ინიციატივა დაგმეს.

„გენდერული კვოტების გაუქმების წინაპირობები არ არსებობსდა. მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა, არამხოლოდ პოლიტიკოსი ქალების, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალის წინააღმდეგ“, – ნათქვამია „ქალთა მოძრაობის“ განცხადებაში. „ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ პარლამენტიდან ქალების გამოძევებას საარჩევნო სიებში მეტი მილიონერი კაცის ჩასმის მოტივით, რომელთა ერთადერთი მიზანი საკუთარი ბიზნესინტერესების დაცვაა და არა ხალხის ინტერესების დაცვა“.

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონპროექტს უარყოფითი შეფასება მისცა. „დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, ჩვენ უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა საპარლამენტო უმრავლესობის ქალი დეპუტატების სახელით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას – პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა“.

წილოსანის თქმით, „ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი იმ პრინციპების ერთგული რჩება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ქალების გაძლიერებისთვის, მათ შორის, არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ ჩვენი საკუთარი ინიციატივებითა და შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებით“.

2023 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ პარტიულ სიებში სავალდებულო გენდერული კვოტირების მოქმედების ვადა 2032 წლამდე გაახანგრძლივა. ამასთან, დაკონკრეტდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს ქალი (და არა განსხვავებული სქესის). 2018 წელს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. მოგვიანებით, 2020 წელს პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებები მიიღო, რომლითაც 25%-იანი გენდერული კვოტები შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციულ პარტიულ სიებში პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი არიან, რომ სულ ცოტა ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button