მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

სისხლიანი მარტი

1990 წლის 9 მარტს თბილისში, დღევანდელ დედაენის ბაღში, 1956 წლის მარტის აქციის დარბევისას დაღუპულთა ოჯახის წევრები და დემონსტრაციების მონაწილეები შეიკრიბნენ. ეს პირველი ასეთი შეკრება იყო სისხლიანი დარბევიდან 34 წლის მანძილზე. მანამდე არათუ შეკრება, ამ თემაზე საჯაროდ ხმის ამოღებაც კი იკრძალებოდა. ამის მიუხედავად, კოლექტიურმა მეხსიერებამ 1956 წლის მოვლენები გულდასმით შემოინახა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში მყარად ჩაბეჭდილიყო როგორც ცნობები ასეულობით დაღუპული ადამიანის შესახებ, ასევე გადმოცემა, რომ ძალადობრივმა დარბევამ “მტკვარი სისხლისფრად შეღება.”


გაბრიელ ჩუბინიძე, ისტორიის მკვლევარი


ყველაფერი 1953 წლის 5 მარტს, იოსებ სტალინის გარდაცვალების დღეს დაიწყო. თბილისსა და საბჭოთა რესპუბლიკის სხვა ქალაქებში გარდაცვლილი ბელადისთვის პატივის მისაგებად სტალინის ძეგლებს ათასობით და ათიათასობით ადამიანმა მიაშურა. იგივე განმეორდა 1954 და 1955 წლებშიც. თუმცა ურყევ ენთუზიაზმს უფრო და უფრო ნაკლებად იზიარებდნენ მოსკოვში: საბჭოთა კავშირში ყოფილი მმართველისადმი დამოკიდებულებები ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლებოდა.

გაზეთებში სტალინის კრიტიკას მოუხშირეს. ყოფილი ლიდერისადმი მწყრალ დამოკიდებულებას ოფიციალური შეხვედრებისასაც აღარ მალავდნენ. კულმინაციად 1956 წლის 20 თებერვალს მოსკოვში კომუნისტური პარტიის მეოცე დახურული ყრილობა იქცა, სადაც საბჭოთა კავშირის ახალმა ლიდერმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა, სტალინის „პიროვნების კულტი“ დაგმო და ბელადის მრავალი შეცდომისა თუ დანაშაულის მხილებასაც არ მორიდებია. ხრუშჩოვმა ღიად ისაუბრა სტალინის ცოდვებზე, მათ შორის 1937 წლის რეპრესიებზე, კოლექტივიზაციაზე და დიდი სამამულო ომის პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე.

თუმცა საქართველოში განსაკუთრებით მისი გამოსვლის ერთი ეპიზოდი მოხვდათ გულზე. ხრუშჩოვის თქმით, საქართველოში “ადგილობრივი, ბურჟუაზიული ნაციონალიზმი“ იყო გამოხატული და ასეთი ტენდენციების ზრდა სტალინის მმართველობის პერიოდს უკავშირდებოდა. ხრუშჩოვს ბელადზე აუგის თქმისას იმის აღნიშვნაც არ დავიწყებია, რომ უამრავი უკანონობა და ათასობით ადამიანის მკვლელობა სწორედ ამ “გენიოსი” ლიდერის მმართველობის დროს მოხდა – „ქართველი ერის დიადი შვილისა, როგორც მას სიყვარულით ეძახიან ქართველები“.[1]

აკრძალული ღონისძიება

ხრუშჩოვის სიტყვა მცირედით უსწრებდა წინ სტალინის გარდაცვალების მესამე წლისთავს. შესაბამისად, 1956 წლის 5 მარტისთვის მზადებას საქართველოში განსაკუთრებული შემართებით შეუდგნენ. ხელისუფლებამ მზარდ უკმაყოფილებას სამგლოვიარო მანიფესტაციების აკრძალვით უპასუხა, ხოლო სკოლებსა და უნივერსტიტეტებს მოუწოდა, სასწავლო პროცესის ჩაშლა არ დაეშვათ.[2]

თუმცა აკრძალვამ ვერ შეძლო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დემონსტრაციების აღკვეთა. თბილისში მოსახლეობა მასობრივად მიდიოდა სტალინის ძეგლთან და ყვავილებს აწყობდა. ძეგლს მოგვიანებით საპატიო ყარაულიც კი დაუყენეს.

7 მარტიდან უკვე მდგომარეობა უკონტროლო გახდა. სტუდენტთა ნაწილი სასწავლო დაწესებულებებში შეიჭრა და ახალგაზრდებს აქციასთან შეერთებისკენ მოუწოდებდნენ. საარქივო მასალების თანახმად, დღის ბოლოსკენ დემონსტრანტთა რაოდენობამ 25-30 ათასს მიაღწია.[3]

8 მარტს, გამთენიისას, სტუდქალაქიდან დღევანდელი ჭავჭავაძის გამზირისკენ დემონტრანტთა დიდი ნაკადი დაიძრა. მათ გზად შეეჩეხათ ვასილ მჟავანაძე, ცეკას პირველი მდივანი, რომელიც საკუთარი მანქანით შინაგან საქმეთა მინისტრ ჯანჯღავასთან ერთად გადაადგილდებოდა. ორივე ჩინოვნიკი მანქანიდან გადმოიყვანეს  და აიძულეს, გარკვეული მანძილი “გაუმარჯოს სტალინს!” შეძახილების ფონზე ფეხით გაევლოთ.

დემონსტრანტების მეორე ნაწილი კი კრწნანისის სამთავრობო აგარაკებისკენ გაემართა, სადაც მათ ჯუ დე, საქართველოში სტუმრად მყოფი ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ეგულებოდათ. მომიტინგეებმა იცოდნენ, რომ მაიოსტური ჩინეთი არ ეთანხმებოდა ხრუშოვის დესტალინიზაციის პოლიტიკას და მინისტრის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. „სტალინ! ჯუ დე!“  გაჰყვიროდა გზადაგზა ხალხი. მათ მალევე გადაუღობეს გზა ე.წ. „მერვე პოლკის“ სამხედროებმა, თუმცა დემონსტრატებმა შექმნილი ბარიერი მალევე გაარღვიეს, ჯარისკაცებს ქვები და ბოთლები დაუშინეს და ბოლოს იარაღიც დააყრევინეს.  ჯუ დესთან შეხვედრა არ შედგა. ჩინელ ჩინოვნიკს არც რაიმე სიტყვა უთქვამს, თუმცა ორჯერ კი დაენახა მის შესახვედრად შეკრებილ საზოგადოებას.

“საქართველო აჯანყდა”

პროტესტმა რადიკალური სახე უკვე თბილისის ცენტრში მიიღო. ერთი ჯგუფი სკოლებსა და დაწესებულებებში შეიჭრა და იქ მყოფებს მოუწოდებდა, აქციას შეერთებოდნენ. რაპორტების თანახმად, ჯგუფის წევრები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებასაც აფერხებდნენ.

„მაშინ მეათე კლასში ვიყავით, ჩვენი სკოლა ჩიტაძეზე იყო […] გახარებულები ვიდექით რუსთაველის პროსპექტზე და ვუყურებდით, თუ როგორ მწყობრად მოდიოდა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი”, – იხსენებს ნანა გოგოძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, – „საქართველო აჯანყდა! საქართველო აჯანყდა! – ვიძახოდით ჩვენ და გახარებულები მივყვებოდით ამ მსვლელობას“.[4]

აქციებზე გაჩნდა კონკრეტული მოთხოვნებიც, რომლებიც ძირითადად სტალინის სახელის რეაბილიტაციას უკავშირდებოდა. მოთხოვნებს შორის იყო სტალინის პრემიის აღდგენა, სტალინის ძეგლის დადგმა, 9 მარტს თბილისის თავზე ლენინისა და სტალინის სურათებიანი აეროსტატის აშვება, 9 მარტს ყველა კინოთეატრში სტალინისა და ლენინის მოღვაწეობის შესახებ ფილმების ჩვენება და ა.შ.

9 მარტს ვასილ მჟავანაძე დემონსტრაციაზე უკვე თავისი ფეხით მივიდა და საზოგადოებას დამტვრეული ქართულით მიმართა. “მიკროფონში ვიღაც ლაპარაკობდა ბორძიკით და [ცუდი] ქართულით. აღმოვაჩინე, რომ ეს კაცი ვასილ მჟავანაძე ყოფილა”, – იხსენებს ნოდარ ნათაძე, რომელიც აქციაზე დილის 10 საათზე, უკვე საკმაო ხალხმრავლობაში მისულა. „წადით, შვილებო, წადით სახლში, დამიჯერეთ, წადით“, – გულით იხვეწებოდა თურმე ცეკას პირველი მდივანი.[5]

აქციაზე შედგა ტელეგრამის ტექსტი, რომელიც სხვა სსრ რესპუბლიკებში უნდა დაგზავნილიყო. რადგანაც დაგზავნა მაშინ ლეგალურად ვერ მოხერხდებოდა, დემონსტრანტებმა გადაწყვიტეს, ძალით აეღოთ რადიოგადამცემი სადგური, ფოსტა, ტელეგრაფი და გაზეთ „კომუნისტის“ რედაქცია. სახელმწიფო უშიშროებაში ამის შესახებ უკვე იცოდნენ და შენობებში შეიარაღებული ჯგუფები განათავსეს.

სისხლიანი ღამე

ღამის საათებში აქციის მონაწილეები მართლაც დაიძრნენ კავშირგაბმულობის შენობისკენ, რუსთაველის გამზირზე.

„უეცრად ზანზარი მესმის, მეთქი რაშია საქმე და რას ვხედავ, წინ მოდის ოფიცერი და უკან მოსდევს 200-მდე ჯარისკაცი, ხიშტებით და მოდიან ჩემსკენ”, – იხსენებს აკაკი ძიძიგური, შემდგომში საქართველოს ტელევიზიის დირექტორი, რომელიც იმ პერიოდში კავშირგაბმულობის შენობაში მუშაობდა. “შევვარდი მინისტრის კაბინეტში და ვხედავ გენერალ გლადკოვს, ვინც თბილისის გარნიზონის უფროსია და ჯერ ეს სალდატები ვნახე და ეხლა ეს, რაშია საქმე, გავიფიქრე, მივადექი ფანჯარას და მიყვირის დაბრუნდი უკანო, ქვევიდან შეიძლება გესროლონო. ამოვვარდი ზევით, ჯერ მჭედლიშვილის [ცენტრალური კომიტეტის მდივანს] ვურეკავ, მერე მჟავანაძეს […] მართლაც ვესაუბრები მჟავანაძეს და ვეუბნები, რომ შეიძლება ჯარმა ისროლოს, გლადკოვმა თქვა[-მეთქი], და აი ამ დროს დაიწყო სროლა“.[6]

მოწმე: მილიციის მაიორი გვერდწითელი

მოხსენებითი ბარათი, მილიციის პოლკოვნიკ ამხ. ძლიერაშვილს: „1956 წლის 9 მარტს ჩემი მეთაურობით ვიყავი გამოსული წესრიგის დასაცავად, სტალინის [მდებარეობდა დღევანდელ დედაენის პარკში] მონუმენტთან და გვითხრეს ზევით ხალხს ხოცავენ და თქვენ რას აკეთებთ აქ. წამოვედით ქალაქის მორიგესთან გასაგებად თუ რაში იყო საქმე. […] მე მივიღე თქვენი განკარგულება დამეკავებინა ვარანცოვის ხიდის ყური მონუმენტის მხარეზე და ვიდექი ბუტკის წინ ბაღისკენ, როდესაც სამხედროებმა დაიკავეს სტალინის მონუმენტი და გასწმინდეს ხალხი. მონუმენტზე დარჩა მხოლოდ ერთ ქალი და ერთი ბიჭი, რომელთა გვარი მე არ ვიცი. სამხედროებმა რამდენჯერმე სთხოვეს რომ გაენთავისუფლებინათ მონუმენტი და დამორჩილებოდნენ […] ერთმა სამხედრომ ხიშტი დაარტყა და დაიძახა ვაიმე ქალმა და გადმოვარდა ძირს. გადმოვარდნისთანავე ჩემმა თანამშრომელმა ბუძიაშვილმა და ბესტაევმა ილიამ მოკიდეს ხელი და წაიყვანეს ნაბერეჟნით […] ის ბიჭი რომელიც ქალთან ერთად იდგა, სტალინის მონუმენტზე, მასაც კი ჰკრეს ხელი და მე ვერ შევამჩნიე გადმოვარდა თუ ჩამოხტა, მხოლოდ გასროლის ხმა გავიგე და იყვირა ვაიმე, სადაც მივიდნენ ისევ ჩემი თანამშრომლები ბუძიაშვილი და ბესტაევი და ისიც ნაბერჟნის მიმართულების წაიყვანეს, საითაც ქალი, შემდეგ არაფერი ვიცი.“

მოწმე: 53-ე სკოლის დირექტორი, ციალა ბაბლუმოვა

მოხსენებითი ბარათი, კომპარტიის ცეკას პირველ მდივანს, ვასილ მჟავანაძეს: „ვცხოვრობ ორბელიანის ქ. 4-ში ი.ბ. სტალინის მონუმენტთან ახლოს ნაბერეჟნიზე. 1956 წლის 9 მარტს მე სახლში ვიყავი. ღამის 12 საათზე მომესმა კავშირგაბმულობიდან [რუსთაველის გამზირზე, გიმნაზიის ხელმარჯვნივ არსებული შენობა] სროლის ხმა, რომელმაც თითქმის 5 წუთს გასტანა. 2 საათამდე მონუმენტიდან მესმოდა სიმღერები, ლაპარაკი. 2:50 საათზე, გავიგონე ავტომატის სროლის ხმა, ამ სროლის მერე მომესმა ვაჟის კვნესა და ლაპარაკი. […] ვაჟი კედელს ეყრდნობოდა ამბობდა მიშველეთ, ქართველები არა ხართ დაჭრილი ვარ. […] ჩემს საცხოვრებელ სახლს, სანაპიროდან აქვს კარები, ტყვიამფრქვევის სროლის შემდეგ, სანაპიროდან ამოცვივდნენ ვაჟები და ორი ქალი, რომლებიც ითხოვდნენ დასამალ ადგილს და ამბობდნენ გვიშველეთ, გვესვრიან, კარები გააღეთო. დაბლა მაცხოვრებლებმა კარები არ გაუღეს, ეზოში არ გაჩერდნენ და გაიქცნენ. გაიქცნენ იმიტომ რომ უკან წითელ არმიელები მოსდევდნენ“. საარქივო მოამბე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო. თბილისი, 2014. N15, გვ25

მოწმე: ანესთეზიოლოგი ვახტანგ მახარობლიშვილი

„კიდევ დაჭრილები მოიყვანეს, თან ვიღაც მილიციის პოლკოვნიკი მოჰყვა, ეხლა კიდევ დაიწყეს სროლაო, ტანკებით მიაწვნენ მტკვრის მხარეზეო და ბევრი ჩაყარეს შიგნითო, გაბრაზებული იყო და რევოლვერი ამოიღო და მაგიდაზე დაახეთქა – შვილებს მიხოცავენ და გამოყენება არ შემიძლია ამისიო”. დოკუმენტური ფილმი 1956 წლის 9 მარტი, https://www.youtube.com/watch?v=tN863XmdSnw&t=479s

საქართველოს სსრ კავშირგაბმულობის მინისტრის, გ. ქრისტესაშვილის მიერ ვასილ მჟავანაძესთან გაგზავნილი მოხსენებით ბარათში წერია, რომ დემონსტრანტების ნაწილი შენობაში შეიჭრა და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ისინი ითხოვდნენ რადიო სტუდიაში შესვლას, რათა მთელი საქართველოსთვის გაეცნოთ საკუთარი მოთხოვნები, ასევე ითხოვდნენ ტელეგრამების გაგზავნას მოსკოვში, ლენინგრადსა და სხვა ქალაქებში. „განსაკუთრებით გამომწვევად იქცეოდა ნაცრისფერ პალტოში გამოწყობილი გოგონა, ვინც მიკროფონის დაუყონებლივ გადაცემას მოითხოვდა“.

ქრისტესაშვილი ამბობს, რომ საუბრისას „30 ჯარისკაცთან ერთად, კიბეზე ამოვიდა სამხედრო კომენდანტი მაკუშევი“, რომელმაც დემონსტრანტებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდა. მალევე ადგილზე გაჩნდა გენერალი გლადკოვი და რამდენიმე ოფიცერი, რის შემდეგაც პროტესტის მონაწილეებმა შენობა დატოვეს.[7] ცოტა ხანში მომიტინგეებმა შენობაზე შეტევა დაიწყეს. ქვებისა და ბოთლების პარალელურად, ისინი ისროდნენ იარაღიდანაც [ეს დასტურდება დემონსტრანტების მოგონებებიდანაც], რის შედეგადაც შენობაში მყოფი ორი ჯარისკაცი დაიჭრა.

ცოტა ხანში ჯარმა იარაღისა და ტანკების გამოყენებით მიტინგის დარბევა დაიწყო, სულ რაღაც 40 წუთში კი რუსთაველის გამზირი თავისუფალი იყო. დაიღუპა 21 ადამიანი. ჯარმა მალევე სანაპიროზე გადაინაცვლა, სტალინის ძეგლთან, სადაც დარბევას კიდევ რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში, დადასტურებულად, 25 ადამიანი დაიღუპა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც სამხედროების მხრიდან ნასროლ ტყვიას შეეწირა. დაღუპულთა საშუალო ასაკი 20 წელი იყო.

იმ ღამეს სულ 375 ადამიანი დააკავეს, თუმცა ყველა მალევე გამოუშვეს. საინტერესოა, რომ 199 მათგანი იყო ან პარტიის ან კომკავშირის (კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ფრთა) წევრი. დაღუპულთაგან 9 იყო კომკავშირის წევრი, ხოლო 54 დაჭრილიდან – 24. [8]

დემონსტრაციაზე იმყოფებოდნენ მოქმედი მილიციელებიცა და ჯარისკაცებიც. შეიძლება ითქვას, რომ სტალინისა და ეროვნულობის თემამ გააერთიანა მთელი საქართველო, განურჩევლად პროფესიისა, სქესისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქციებში მონაწილეობას იღებდნენ შემდგომში დისიდენტები და ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. 1956 წლის „სისხლიანი მარტის“ ტრამვა საზოგადოებას 1989 წლამდე გაჰყვა. აპრილის აქციების პერიოდში უფროსი თაობა ხშირად ახსენებდა ახალგაზრდებს, თუ რით დასრულდა ყველაფერი 33 წლის წინ. თუმცა, ტრაგიკულ მგავსებასთან ერთად, განსხვავებაც დიდია: 1989 წელს ქართველები ქუჩაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით იდგნენ.


[1] Georgia After Stalin, P.96

[2] საარქივო მოამბე,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო. თბილისი, 2014. N15, გვ.11

[3] საარქივო მოამბე,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო. თბილისი, 2014. N15, გვ.12

[4] სალიტერატურო გაზეთი, მარტი, 1996.

[5] ნოდარ ნათაძე, სისხლიანი 9 მარტი, გვ.16

[6] დოკუმენტური ფილმი სისხლიანი 9 მარტი, https://www.youtube.com/watch?v=tN863XmdSnw&t=481s

[7] საარქივო მოამბე,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო. თბილისი, 2014. N15, გვ.20-22

[8] Georgia after Stalin, P.119


მსგავსი/Related

Back to top button