პოლონეთის ელჩი: სტალინის მუზეუმის დახურვისკენ მოწოდების გამო საგარეომ შენიშვნა მომცა
საქართველოში პოლონეთის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი იტყობინება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მასზე ზეწოლის მოხდენა სცადა. სამინისტრომ გააკრიტიკა პოლონეთის ელჩის მოწოდება გორში მდებარე საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის მუზეუმის დახურვის შესახებ.
ელჩმა მაშკევიჩმა მომხდარის შესახებ SOVA News-ის ვიდეო-პოდკასტში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე იყო თუ არა ელჩი დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაშკევიჩმა აღნიშნა, რომ არა, თუმცა მას არაერთი არაოფიციალური შენიშვნით მიმართეს, რაზეც ელჩმა „ძალიან უხეში სიტყვით“ უპასუხა. მან განაცხადა: „როგორც პოლონეთის წარმომადგენელს, არ შემიძლია, სხვანაირად რეაგირება“.
მან დასძინა: „გესმით, კატინში, ასევე, დაიღუპნენ პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრები, ეს არის პრობლემა, რომელიც არანაირ დისკუსიას არ ექვემდებარება… ეს არ არის რელიგიური გრძნობების ან ემოციების პრობლემა. ის რომ მე ვეხები რაღაც დელიკატურს, ვიღაცას შეურაცხყოფას ვაყენებ… ეს უბრალოდ ობიექტური სიმართლეა, რომელიც მიღებულ უნდა იქნას როგორც ავადმყოფობის დიაგნოზი.“
2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის თემაზე გამართულ რონდელის ფონდის კონფერენციაზე საუბრისას, პოლონეთის ელჩმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას „სულ მცირე ერთი სიმბოლური ჟესტი“ გააკეთოს და დახუროს სტალინის მუზეუმი გორში. „მინდა მივმართო ქართველ მეგობრებს. მაქვს ერთი შემოთავაზება, მესმის რომ რთულ სიტუაციაში ხართ – პატარა ქვეყანა, უზარმაზარი მეზობელი, რთული ეკონომიკური სიტუაცია გაქვთ და არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ისაუბროთ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს,“ – განაცხადა ელჩმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)