ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს.
Delighted to meet with @EmmanuelMacron ??. We are grateful for the President's support on Georgia's ?? path! We believe that ?? will further strengthen its political & practical support, helping us advance successfully to the next stages of the accession. pic.twitter.com/SfBc2g3tPR
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) November 9, 2023
„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში. „ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ამ გზაზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას“.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. „საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და ისაუბრეს იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მიიწვია.
„ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით“, – დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა „ფეისბუქზე“ ქართულ ენაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა, სადაც „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/11/2023 – ღარიბაშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
- 25/10/2023 – ღარიბაშვილი ბრიუსელში ოლივერ ვარჰეის შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)