ღარიბაშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით 8 ნოემბერს ბრიფინგი გამართა.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ლიდედრებს და ევროკომისიის გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა.
„ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული… ჩვენ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ პოზიტიური, დადებითი და ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს“.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე ევროპელ ლიდერებთან დააზუსტა. „ძალიან მოკლე პერიოდში დავხურეთ თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა მოცემული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს დიალოგს და თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან. „მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებისა, ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ქართული ოცნების “ მიერ მიღწეული შედეგების შეჯამებისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი დღე არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება, შეიძლება ასე ითქვას, ევროპეიზაციის 10 წელი, ვინაიდან თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა, რაიმე გააკეთა ხელშესახები ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება““. მიღწევებს შორის მან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, და ბოლოს კანდიდატის სტატუსი დაასახელა, რომელსაც პრემიერს თქმით, საქართველო „საბოლოოდ დეკემბერში მიიღებს“. მან ამ მიღწევებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებასაც გაუსვა ხაზი.
ღარიბაშვილმა ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას „ერთადერთი სწორი, ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება“ უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს საქართველოს სრული ევროპეიზაციის მისაღწევად. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს გაერთიანება საბოლოო მიზანია და ევროკომისიის გადაწყვეტილება ქვეყანას ამ მიზანთან აახლოვებს.
ქართული ოპოზიციის განცხადების კომენტირებისას, რომ კანდიდატის სტატუსს ხალხი იმსახურებს და არა ხელისუფლება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ხალხისთვის: „ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი ხალხის ნებას, ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის სახელით და ჩვენი ხალხისთვის… საქართველოს ხელისუფლების მიღწევების დაკნინება სუსტი მცდელობაა“.
ღარიბაშვილმა ოპოზიციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამწუხაროდ, არც ოპოზიციას და არც პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. მან ასევე განაცხადა, რომ „ანგარიშში წერია ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს. შედეგი, ბუნებრივია, დადო ხელისუფლებამ, მთავრობამ, ანუ იმ ხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეული ქართველი ხალხის მიერ“.
ღარიბაშვილმა სოფელ კირბალის მახლობლად საქართველოს მოქალაქის მოკვლაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ოკუპაცია წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაა.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/11/2023 – ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა
- 08/11/2023 – ევროკავშირის ელჩი: ეს არის დიდი აღიარება ევროკავშირის მხრიდან, თუმცა მნიშვნელოვანი სამუშაო რჩება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)