skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის და ივანიშვილისადმი ერთგულებას უსვამს ხაზს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ტოვებს მმართველ პარტიას, როგორც პარტიულ თანამდებობას, ისე ზოგადად პოლიტიკას, და დასძინა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და აპირებს კერძო სექტორში გადასვლას, რათა საკუთარი შესაძლებლობები სხვა სფეროებში გამოსცადოს.

25 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მას სურს მეტი დრო დაუთმოს ოჯახს და შეისწავლოს კერძო სექტორში არსებული შესაძლებლობები. „თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა – ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ სტაბილურობისა და პროგრესის ხელშეწყობით საკუთარი ვალი უკვე შეასრულა და ამიტომ, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას ვერ ხედავს.

მართალია, ღარიბაშვილმა არ დააკონკრეტა კერძო სექტორში რას აპირებდა, მან ნათლად განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ამ ეტაპზე დასრულებულია.

ბრიფინგის მსვლელობისას ღარიბაშვილმა არაერთხელ შეაქო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მას „მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი“ უწოდა, რომელმაც ქვეყანასა და საზოგადოებას „უდიდესი საფრთხეები ააცილა“ და „მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით“. თუ „ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად“, ამაში „განსაკუთრებული როლი“ აქვს ბიძინა ივანიშვილს, განაცხადა ღარიბაშვილმა.

თუმცა, ღარიბაშვილს საერთოდ არ უხსენებია მმართველი პარტიის სხვა წამყვანი ფიგურები, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა იგი კობახიძის ყველა გადაწყვეტილებას, ისევე როგორც ივანიშვილისას, და არსებობს თუ არა შეხედულებების თანხვედრის ნაკლებობა კობახიძესთან, ღარიბაშვილმა მათ ურთიერთობას „აბსოლუტურად ჰარმონიული“ უწოდა.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა ის ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას ან ოპოზიციაში გადასვლას, ღარიბაშვილმა კატეგორიულად უარყო ეს იდეა. „ვის უნდა დავუპირისპირდე?“ უპასუხა მან და დასძინა, რომ კვლავაც „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის „ერთგული მხარდამჭერი“ იქნება.

კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ის პოლიტიკაში, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ იგი დარჩება საქართველოში როგორც ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

კითხვა თუ რატომ დაამთხვია მან პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლა ასეთ რთულ დროს, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებული არ ხდება.

როგორც მიიჩნევა, ღარიბაშვილის წასვლა „ქართულ ოცნებაში“ „კობახიძის გუნდის“ გაძლიერების სიგნალია. ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, წინა ადმინისტრაციასთან პირადი უკმაყოფილების გამო. „მაშინ ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი უკანონოდ ჩასვეს ციხეში და  სააკაშვილის რეჟიმს 1 წლის განმავლობაში პრაქტიკულად მძევლად ყავდა აყვანილი“, – განაცხადა მან. „გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ოჯახის წევრს დავკარგავდით, მას ციხეში მოკლავდნენ და ალბათ მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში წასვლა“.

ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2012 წლიდან 2013 წლამდე იკავებდა, იმავე წელს პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო პოლიტიკიდან პირველად 2015 წელს წავიდა. 2018 წლიდან 2019 წლამდე ის კერძო სექტორში მუშაობდა, სანამ 2019 წელს მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა. იგი ამ თანამდებობაზე 2021 წლამდე მსახურობდა. შემდეგ, 2021 წლიდან 2024 წლამდე, მეორე ვადით პრემიერ-მინისტრი გახდა. ბოლოს, იგი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ მსახურობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button