ახალი ამბები

ბაიდენი და მაკრონი „ქართულ ოცნებას“ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „მოუწოდებენ ქართულ ოცნებას ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს“, ნათქვამია ერთობლივ ფრანგულ-ამერიკულ საგზაო რუკაში, რომელიც თეთრმა სახლმა 8 ივნისს გამოაქვეყნა.

„აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია საგზაო რუკაში, რომლის თანახმადაც „აშშ და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა ხალხის საკეთილდღეოდ“.

საგზაო რუკას ხელი მოეწერა მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიის სადესანტო ოპერაციის 80 წლისთავის აღსანიშნავი ცერემონიის შემდეგ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს უმასპინძლა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის საერთო ხედვას ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. საგზაო რუკა ტრანსნაციონალურ საკითხებსა და გამოწვევებს, ასევე ორმხრივ საკითხებსაც მიმოიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button