
ჰოლანდიელმა ინვესტორმა საარბიტრაჟო სასამართლოში ანაკლიის პორტის საქმე წააგო
საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრმა (ICSID) არ დააკმაყოფილა ჰოლანდიელი ინვესტორის ბობ მეიერის სარჩელი, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებული კონტრაქტის შეწყვეტის გამო საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვდა.
მეიერმა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) ყოფილმა ინვესტორმა, საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი 2020 წელს შეიტანა. იგი ამტკიცებდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ADC-თან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენდა.
ICSID-ის ბოლო გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და პირველი, ვინც გადაწყვეტილება გაავრცელა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იყო, რომელიც 31 ივლისის განცხადებაში ICSID-ის გადაწყვეტილებას მიესალმა.
„მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს“, – განაცხადა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ “ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია“.
„მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა“, – დასძინა სამინისტრომ.
This post is also available in: English