პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს 7 აგვისტოს ეწვია.
მანამდე იგი სვეტიცხოვლის ტაძარში ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ გამართულ პარაკლისს დაესწრო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღი საკამათო თემაა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების უმეტესობა 8 აგვისტოს აღნიშნავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებას. სხვები მიიჩნევენ, რომ ეს რუსული ნარატივია და ომის დაწყების თარიღად, როდესაც, როგორც ცნობილია, პირველი რუსული შეიარაღებული ძალები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, 7 აგვისტოს ასახელებენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შოვის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივსაცემოდ გამოცხადებული გლოვის დღე და 2008 წლის ომის წლისთავის დამთხვევა სიმბოლურია. მისი თქმით, „ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა, ასვე განრისხებული ბუნებაც გვებრძვის და იმის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება“.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ისეთი განცხადებები ისმის, თუ იწერება სოციალურ ქსელში, რაც მისთვის მიუღებელია. „მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მიუღებელი არის ქართველისთვის და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ სად არის ჩვენი საერთო საქმე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/08/2023 – სახალხო დამცველმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
- 07/08/2023 – საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ეხმიანებიან
- 07/08/2023 – 15 წელი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ
- 03/08/2023 – რაჭაში მეწყერს სულ ცოტა ორი ადამიანი ემსხვერპლა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)