ახალი ამბები

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ეხმიანებიან

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო გამოხმაურებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით:

7 აგვისტო:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი: „რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან 15 წელი გავიდა. 15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალი გზა აირჩია“.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი: „საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე, ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ისევე როგორც მის სამხედრო ყოფნას რეგიონში, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“.

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეი: „15 წელი! 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია განხორციელდა. მას შემდეგ, საქართველო ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სერიოზული სამხედრო ყოფნის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი: „საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არის საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა. ადგილობრივი თემები კვლავ იტანჯებიან ჰუმანიტარული გამოწვევებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების გამო. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა წარმომავლობის ადგილებში დასაბრუნებლად დაბრკოლებები კვლავ არსებობს“.

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო: „საქართველო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის 15 წლისთავზე, ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის შეთანხმებიდან მიღებული ვალდებულებების დარღვევას“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიიდან 15 წლის თავზე გამოვხატავთ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და იმ ზარალის კომპენსაცია, რაც მათ მოგვაყენეს, მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში“.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი: „15 წლის წინ ამ დღეს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია დაიწყო. საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა გრძელდება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი. ესტონეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა: „ლიეტუვა გმობს 15 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს უკრაინა იცავს თავის თავისუფლებას იმავე აგრესორისგან. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან. 

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე: „15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ამისთვის არ დასჯილა. ამას რუსული აგრესიის კიდევ უფრო სასტიკი ქმედებები მოყვა. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ამასთან, გვჯერა, რომ ერთადერთი გზა უსაფრთხო ევროპისკენ უკრაინის გამარჯვებასა და აგრესორებისთვის ტრიბუნალზე გადის“.

ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში: „15 წლის წინ რუსეთი უკანონოდ შეიჭრა, მოახდინა ოკუპაცია და დაარღვია ადამიანის უფლებები საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას და ათასობით უდანაშაულო ქართველის დევნას. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს თავისი დანაშაულებისთვის და დაუბრუნოს საქართველოს სუვერენული ტერიტორიები“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი: „დღეს 15 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა მისი მიწის 20%-ის ოკუპაცია. რუსეთი კვლავ უარს აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის ვალდებულებების შესრულებაზე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა: „15 წლის წინ რუსეთმა აწარმოა აგრესიის საშინელი ომი საქართველოს წინააღმდეგ, რითიც დაიწყო სახელმძღვანელო, რომელიც მან მოგვიანებით უკრაინაში გამოიყენა. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყველა ვაკეთებთ ამას“.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი: „რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მე-15 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „დღეს15 წელი სრულდება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო აგრესიიდან. ესტონეთი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და მის სასაზღვრო ზოლებზე სამხედრო ძალების გაძლიერებას. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას“.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ლატვია გმობს 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის კურსს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოში რუსეთის სამხედრო შემოჭრიდან 15 წელი ტრაგიკული შეხსენებაა რუსეთის აგრესიული ქცევის ხანგრძლივი ისტორიისა ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რუმინეთი აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას“.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. მოლდოვა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მე-15 წლისთავზე ბელგია კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბელგია კვლავაც დაუჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ყველა ძალისხმევას საქართველოში კონფლიქტების მოსაგვარებლად“.

ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის მე-15 წლისთავზე, ხორვატია ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხორვატია აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხოებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის გზით და მოუწოდებს კონსტრუქციული ჩართულობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ“.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „დღეს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წელი შესრულდა. ავსტრია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „15 წლის წინ რუსეთის ჯარები საქართველოში შემოიჭრნენ, რითიც აღინიშნა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალი ფაზა. დანია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ნიდერლანდების საგარეო უწყება: „დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 15 წლისთავია, ამ დრომდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები რჩება რუსეთის ძალების მიერ უკანონოდ ოკუპირებული. ნიდერლანდები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

აშშ-ის მისია ეუთოში: „15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ათწლეულების მანძილზე საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ, ბევრი მათგანი დევნილად იქცა. რუსეთის 2008 წლის თავდასხმა არის შეხსენება მათ შესახებ, ვინც აგრძელებს ტანჯვას რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში: „რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს. შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია“.

პოლონეთის საელჩო: „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხალხს, მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას“.

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი: „რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე, ჩვენ ვიხსენებთ დაღუპულებს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება მიუღებელია. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები“. 

8 აგვისტო:

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო: „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები, გაყოფილი ოჯახები და თემები და რუსეთის აგრესიის მუდმივი ზეწოლა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: „რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე -15 წლისთავთან დაკავშირებით , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ . ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები და სირთულეები, რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ ოჯახებისკენ , რომლებიც დღესაც განიცდიან მათი დანაკარგის ტკივილს”.

უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი: „15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, 15 წლის წინ, რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიალისტური ამბიციები. 15 წლის წინ მსოფლიოს უფრო მტკიცედ და მკაცრად რომ ემოქმედა, რუსეთი რთულად თუ გაბედავდა დამოუკიდებელი ტერიტორიების ხელყოფას, რომლებიც მას არ ეკუთვნის. დღეს უკრაინა თავისი მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის ცდილობდა მის განადგურებას. მხოლოდ ერთობლივი, მტკიცე და კოორდინირებული ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ აგრესორის დამარცხებას და ევროპაში მშვიდობის დამყარებას“.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „15 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ – ეს იყო გარდამტეხი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. დღემდე ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას უკრაინასა და საქართველოში. ნორვეგია გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევებს“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button