ახალი ამბები

15 წელი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ

15 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ თავდაცვის სამინისტროს 170 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა. დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების რაოდენობამ 2 232 შეადგინა.

რუსეთისა და ცხინვალის რეგიონში მისი მარიონეტების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად 30 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა. მათი სახლების აბსოლუტური უმრავლესობა მოძალადეებმა დაწვეს, რათა მათი პატრონები უკან აღარასდროს დაბრუნებულიყვნენ.

ომის დაწყებამდე თვეებით ადრე, ისევე როგორც საომარი მოქმედებების დროს, რუსეთი ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ტაქტიკას იყენებდა, როგორიცაა საინფორმაციო ოპერაციები, ენერგეტიკა, ეკონომიკური და სავაჭრო შანტაჟი, კიბერშეტევები, ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობის „პასპორტიზაცია“ და სხვა.

რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, ასევე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა მოგვიანებით აღიარეს, რომ რუსეთის მთავრობამ საქართველოში შეჭრა 2006 წლის ბოლოს დაგეგმა, რათა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისთვის შეეშალა ხელი.

აგვისტოს ომიდან მალევე, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა და ცდილობს, თუმცა წარუმატებლად, რომ სხვა სახელმწიფოების მიერ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებასაც მიაღწიოს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იქნა მიღწეული. მეტიც, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას (ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი) საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თემების მავთულხლართებით დაყოფას, ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მილიტარიზაციას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ილახება. მათ შეზღუდული აქვს ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების თავისუფლება და ა.შ. საქართველო მათი უფლებების დაცვას და სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას ითხოვს.

დაუსჯელობით გათამამებული, 2022 წლის თებერვალში რუსეთი კიდევ ერთ მეზობელ სახელმწიფოს დაესხა თავს და უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. ამჯერადაც, ის კვლავ ჰიბრიდული და ჩვეულებრივი ომის ტაქტიკის იგივე კომბინაციას იყენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button