ახალი ამბები

სახალხო დამცველმა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით 7 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა“.

სახალხო დამცველი „ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაციისა და სხვადასხვა უფლებების შელახვის“ შესახებ საუბრობს და მათ შორის ხაზს უსვამს „თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის აკრძალვას, დე ფაქტო დოკუმენტაციის გაცემის შეზღუდვას, სიცოცხლის უფლების ხელყოფას, ჯანდაცვის სერვისებზე და სხვა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. „ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II, რომლითაც სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტი დაადგინა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს და რომ კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებების რაოდენობა გაიზარდა და დღეის მდგომარეობით, საქართველოს ცხრა მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება.

„ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3 439 ადამიანი, მათგან 1 935 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 504 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით“, – აცხადებს სახალხო დამცველი.  

სახალხო დამცველი გმობს უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესს და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას. „2008 წლიდან დღემდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერია გავლებული, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების სიგრძე 49 კმ-ს აღემატება“, – ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად და ძალისხმევა არ დაიშუროს „ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button