საქართველო შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს
7 აგვისტო ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში პანაშვიდი იქნება გადახდილი.
შსს-ს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, შოვში მომხდარ ტრაგედიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის რამდენიმე ბავშვია. ცხედრების ცუდი მდგომარეობის გამო, გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი ნელა მიმდინარეობს და დნმ-ის ტესტირებას საჭიროებს. ამ დროისთვის 14 ცხედარია იდენტიფიცირებული. დარჩენილი 17 ადამიანის ძებნა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებით გრძელდება. მთლიანობაში, სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა.
დღეს დილით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ შოვში სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. მისი თქმით, საქმე ორი მუხლით აღიძრა, თუმცა შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა შოვის მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოუცხადეს და ქვეყანას მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში დახმარება შესთავაზეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/08/2023 – მეწყერი რაჭაში – სიახლეების ბლოგი
- 07/08/2023 – საერთაშორისო საზოგადოება შოვის მეწყრის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს
- 05/08/2023 – გარემოს ეროვნული სააგენტო: შოვის ტრაგედია ბევრი ფაქტორის თანხვედრამ გამოიწვია
- 04/08/2023 – ყოველწლიური გეოლოგიური ბიულეტენი შოვში ღვარცოფების „მაღალი რისკის“ შესახებ 2021 წელს აფრთხილებდა
- 04/08/2023 – პრეზიდენტმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა
- 03/08/2023 – რაჭაში მეწყერს სულ ცოტა ორი ადამიანი ემსხვერპლა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)