skip to content
ახალი ამბები

ყოველწლიური გეოლოგიური ბიულეტენი შოვში ღვარცოფების „მაღალი რისკის“ შესახებ 2021 წელს აფრთხილებდა

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად მომზადებული 2021 წლის „გეოლოგიური ბიულეტენი“ შეიცავდა გაფრთხილებას, რომ ღვარცოფი საფრთხეს უქმნის ცენტრალურ მაგისტრალსა და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურას. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ მოპოვებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ღვარცოფების გავლა საშუალოდ 2-3 წელიწადში ერთხელ ხდება. ანგარიშის შეფასების თანახმად, საფრთხის პოტენციალი არის „მაღალი“.

ანგარიშში რეკომენდებულია მდინარე დღვიორას კალაპოტის პერიოდული გაწმენდა და ნაპირების გამაგრება, ასევე ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგი.

ყოვლისმომცველი დოკუმენტი საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებს აღწერს და მომავალი წლის პროგნოზს გვთავაზობს.

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი მეწყრის შემდეგ, ექსპერტებმა და საზოგადოებამ ეჭვქვეშ დააყენეს ჰქონდა თუ არა ხელისუფლებას ადრეული გაფრთხილების სისტემა და მიიღო თუ არა ადეკვატური ზომები, რათა თავიდან აეცილებინა ან მინიმუმამდე დაეყვანა მსხვერპლის რაოდენობა.

არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელიც თვალყურს ადევნებს საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას, პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოპოვებულ საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ საჯარო ინფორმაციას/დოკუმენტებს, რომელსაც საჯარო უწყებები პროაქტიულად უნდა აქვეყნებდნენ.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გუჯარაიძე აღნიშნავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე „გეოლოგიური ბიულეტენი“ არ ქვეყნდება. მისივე თქმით, 2022 წლის ანგარიშის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გახდა საჭირო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button