skip to content
ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო: შოვის ტრაგედია ბევრი ფაქტორის თანხვედრამ გამოიწვია

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვის მეწყერთან დაკავშირებით 5 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მდინარე ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით და რომ მასშტაბური ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სააგენტოს თქმით, სტიქიის დროს „მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი“.  

სააგენტო განმარტავს, რომ მდინარე ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას, რამაც ხელი შეუწყო ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.

სააგენტოს თქმით, 2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდინარე დღვიორაზე (და არა  მდინარე ბუბისწყალზე), რომელიც არის მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილია, რომ მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია და რომ შოვში ასეთ მოვლენა  არ დაფიქსირებულა, განსხვავებით სოფ. გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია.

როგორც ჩანს, სააგენტო 2021 წლის „გეოლოგიურ ბიულეტენს“ გამოეხმაურა, რომელიც შეიცავდა გაფრთხილებას, რომ ღვარცოფი საფრთხეს უქმნის ცენტრალურ მაგისტრალსა და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურას და რომ საფრთხის პოტენციალი არის „მაღალი“.

სააგენტოს დღევანდელი განცხადება ეწინააღმდეგება შოვის მაცხოვრებლების განცხადებებსაც, რომელთაც ბოლო წლებში არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მდინარე ბუბისწყლის ნაპირების გამაგრებისა და ხეობაში გარემოს მდგომარეობით დაინტერესების მოთხოვნით, ვინაიდან მათ ხშირად უხდებოდათ მცირე მასშტაბის მეწყერებთან და ღვარცოფებთან გამკლავება.

(2022 წლის გეოლოგიური ბიულეტენი სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის და შესაბამისად, არც საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი. არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, ანგარიშის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გახდა საჭირო).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button