skip to content
ახალი ამბები

მეწყერი რაჭაში – სიახლეების ბლოგი

პარასკევი, 15 სექტემბერი

11:43 – ფინანსური დახმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შოვის მეწყრის დროს ტრაგიკულად დაღუპული პირების (ოფიციალურად 32) ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრის თქმით, გარდაცვლილთა ოჯახები თითო გარდაცვლილ ოჯახის წევრზე 20 000 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ამასთან, ახალი საცხოვრებლები გადაეცემათ მათ, ვინც საცხოვრებელი დაკარგა, ან ვისი სახლებიც სტიქიის შედეგად საცხოვრებლად უვარგისი გახდა.

კვირა, 10 სექტემბერი

17:30 – კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.

სამშაბათი, 29 აგვისტო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული მათი თანამშრომელი 50 წლის თემურ ხარჩილავა სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ხუთშაბათი, 24 აგვისტო

18:00 – კიდევ ორი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.

სამშაბათი, 22 აგვისტო

14:25 – კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი

შსს-ს ინფორმაციით, მაშველებმა სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გვამი იპოვნეს. შედეგად, დაღუპულთა საერთო რაედენობამ 29-ს მიაღწია. 4 ადამიანი კვლავ იძებნება.  

კვირა, 20 აგვისტო

14:25 – კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი

სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრში კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი. შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 28-ს მიაღწია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 ადამიანი კვლავ იძებნება.  

პარასკევი, 18 აგვისტო

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იტყობინება, რომ პროკურატურამ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და 2023 წლის 03 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვლის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია.

ხუთშაბათი, 17 აგვისტო

17:17 – კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ოფიციალურად 6 ადამიანი ითვლება დაკარგულად.

ოთხშაბათი, 16 აგვისტო

14:00 – საქართველოს პრეზიდენტი შოვში დაღუპულთა დაკრძალვას დაესწრო

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მედიის, ფოტოების და ყველაფრის გარეშე“ ჩავიდა კახეთში, შოვში მეწყერის ჩამოწოლის გამო გარდაცვლილი გიორგი და სოფი ყარალაშვილების დაკრძალვაზე, „რაც ოჯახისთვის დაფასება და დიდი ნუგეში იყო“.

სამშაბათი, 15 აგვისტო

18:37 – კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ოფიციალურად 7 ადამიანი ითვლება დაკარგულად.

ორშაბათი, 14 აგვისტო

19:25 – ოპოზიცია გომელაურს პარლამენტში იბარებს

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით იბარებს. ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მოთხოვნა პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

17:05 – კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ოფიციალურად 8 ადამიანი ითვლება დაკარგულად.

კვირა, 13 აგვისტო

17:30 – შინაგან საქმეთა მინისტრი შოვში ჩავიდა

14 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ დაგვიანებით ჩასვლა მოუწია ვინაიდან 2 კვირის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა, მამის ავადმყოფობის გამო. მან ისაუბრა ვერტმფრენების საკითხზე, რომლებიც შოვში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ 3 საათში ჩავიდნენ და ამასთან, არ იყვნენ სათანადოდ აღჭურვილები ღამით სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად. მისი თქმით საქართველოს 6 ვერტმფრენი ჰყავს, რომელთაგან 3 ახალი ნაყიდია და შემდეგ წელს ჩამოვა.

რაც შეეხება არსებული სამის ღამით ფრენას, მან აღნიშნა, რომ ვერტმფრენებს აქვთ სათანადო აღჭურვილობა, თუმცა: „ამინდი იყო ძალიან ცუდი. თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს შუაში, კუნძულზე, სადაც იყო ეს 70 ადამიანი და გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, ფერდობზე უკვე ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ. ჰქონდათ საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო. დაღამდა და იქიდან გამომდინარე, რომ ფრენა საფრთხის შემცველი იყო, აღარ გავრისკეთ. მეორე დღეს გამოვიყვანეთ იქ დარჩენილები“.

სტიქიის ზონაში დღემდე მიმდინარე სამუშაოებზე, გომელაურმა აღნიშნა, რომ ჩამოშლილი მიწის მასის 60% უკვე შემოწმებულია. ამ დროისთვის ოფიციალურად 9 ადამიანი ითვლება დაკარგულად.

პარასკევი, 11 აგვისტო

18:00 – კიდევ ორი დაღუპულია ნაპოვნი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით შოვში კიდევ 2 ცხედარია ნაპოვნი. დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს 9 პირის ძებნა.

12:10 – კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი

შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. ცხედარი მდინარე რიონის კალაპოტში იპოვეს, რომლის ამოსვენების ღონისძიება ამჟამად მიმდინარეობს. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის ქვედა კიდურიც. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს 11 პირის ძებნა.

ოთხშაბათი, 9 აგვისტო

20:44 – გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნები

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით სატელიტური სურათები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ „მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება გამოიწვია. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები წყლის მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით… აღსანიშნავია, რომ ხეობაში არსებული მეტეოროლოგიური სადგურიდან და მეტეოროლოგიური რადარიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მაღალი ინტენსივობის ნალექები არ დაფიქსირებულა“.

ამასთან, გუშინ გამართულ პრესს-ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა: „იყო ინფორმაცია წყლის დონის ზომის სადგურიდან მიღებული სადაც არ ფიქსირდებოდა არც სტიქიამდე არც სტიქიის პროცესში წყლის დონის კლება… [სატელიტურ სურათებზე] ჩანს რომ იქ არ იყო არანაირი დიდი წყლის მასის და ტბის დაგუბება, ეს იყო ძალიან მყისიერი ასე ვთქვათ კლდე-ზვავური მასის ჩამოშლა, რომელიც დაეჯახა მყინვარულ მასას და გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა დაბლა კურორტ შოვში, უმოკლეს ვადებში… ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი სტიქიური მოვლენების განვითარებასთან ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან კომპლექსურ პროცესებთან… რამოდენიმე მოვლენათა ერთობლიობა დაემთხვა ერთმანეთს და საბოლოოდ მივიღეთ სტიქიის ის მასშტაბები რაც ერთობლივად ვნახეთ… ჩვენი სპეციალისტების თვალსაზრისით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის პროგნოზირება არის პრაქტიკულად შეუძლებელი“.

14:20 – კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ამჟამად, დაღუპულთა რიცხვი 21-ა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

11:09 – კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მან პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამშაბათი, 8 აგვისტო

21:45 – ზურაბ ბიბილეიშვილის შესახებ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა

მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განმარტა, რომ მონაცემები ზურაბ ბიბილეიშვილის შესახებ, რომელიც თავდაპირველად დაკარგულთა სიაში იყო, არაზუსტად იყო მოწოდებული. ამის შესახებ ბიბილეიშვილის ახლობელმა განაცხადა. ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მითითებული სახელი და გვარი არ იყო დაფიქსირებული შესაბამის მონაცემთა ბაზებში, რამაც გამოიწვია ინფორმატორთან გადამოწმების აუცილებლობა. გადამოწმებისას დადგინდა, რომ პირი თბილისშია, რის შედეგადაც დაკარგულთა სიიდან ამოიღეს. ინფორმატორთან დაკავშირებისას დადასტურდა, რომ თავდაპირველად არასწორი სახელი და გვარი იყო ჩაწერილი და პირი საერთოდ არ იმყოფებოდა შოვის ტერიტორიაზე.

20:42 – დაკარგულთაგან ერთი პირი ცოცხალია

შოვში, სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი, ზურაბ ბიბილეიშვილი ცოცხალი აღმოჩნდა. „ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამ დროისთვის სტიქიის ზონაში არ იმყოფება“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

11:56 – კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი

შსს-ს ინფორმაციით, შოვის მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონაში ამჟამად 17 პირი იძებნება.

ორშაბათი, 7 აგვისტო

14:20 – შოვში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა

შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, მირიან ჭელიძე გარდაიცვალა. იგი ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

11:10 – შოვის ტრაგედიის შემდეგ გამოძიება დაიწყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ შოვში სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. მისი თქმით, საქმე ორი მუხლით აღიძრა, თუმცა შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

00:00 – საქართველოში გლოვის დღეა

შოვის მეწყრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტოს გლოვის დღედ გამოცხადდა. 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.  

კვირა, 6 აგვისტო

14:26 – დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ რაჭაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.

12:16 – კიდევ 5 ცხედარზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება

რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 12 პირია იდენტიფიცირებული. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხუთ ცხედარზე მიმდინარეობს იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზით.

11:37 – კიდევ ერთი დაღუპულია ნაპოვნი

შსს-ს ინფორმაციით, შოვის მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონაში ამჟამად 17 პირი იძებნება.

შაბათი, 5 აგვისტო

20:40 – კიდევ ერთი გარდაცვლილია ნაპოვნი

გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, ხოლო დაკარგულთა რაოდენობა 18-ია.

19:17 – კიდევ ერთი გარდაცვლილია ნაპოვნი

შსს-მ დაადასტურა, რომ სტიქიის ეპიცენტრში კიდევ ერთი გარდაცვლილია ნაპოვნი.

17:40 – 7 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია

შსს-მ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 16 გვამიდან 7 იდენტიფიცირებულია. იდენტიფიცირების პროცესი გვამების ცუდი მდგომარეობის გამო გართულებულია.

17:29 – ერთ-ერთი გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა

თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია იტყობინება, რომ სტიქიის ეპიცენტრში ნაპოვნი ერთ-ერთი გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქე, ქსენია ტრიჩევაა.  

17:03 – კიდევ ორი გარდაცვლილია ნაპოვნი

შოვში მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. შსს-მ ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა. რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვნეს.

15:20 – კიდევ ერთი გარდაცვლილია ნაპოვნი

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია.

14:15 – ერთ-ერთი გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა Europeyska Pravda-ს აცნობა, რომ სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს ინფორმაციით, შოვში ერთ-ერთი გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია როგორც უკრაინის მოქალაქე, ალინა პოლიკოვსკა. მისი ვაჟი კვლავ დაკარგულია.

13:22 – კიდევ ერთი გარდაცვლილია ნაპოვნი

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილია ნაპოვნი. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ შსს-მ დაუდასტურა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია.

11:53 – დაკარგულთა ოჯახის წევრები სტიქიის ეპიცენტრში ვერტმფრენით ჩაფრინდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ძებნა-შველის ღონისძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ. დრონების საშუალებით მოხდა ტერიტორიის დათვალიერება.

11:12 – რაჭაში აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რაჭაში აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, “საჯარისო ნაწილები და მაშველები მდინარის მეორე მხარეს ხიდის დამონტაჟებამდე გადაიყვანეს. მისივე თქმით, გაიჭრა ახალი დროებითი გზაც, რომლითაც სტიქიის ადგილთან სხვა მხრიდან მისვლაც იყოს შესაძლებელი”.

პარასკევი, 4 აგვისტო

19:45 – საქართველოს თავდაცვის ძალები სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო

საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად ჩაერთო. აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ჩაერთვება სამაშველო ოპერაციაში.

17:58 – დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერებინებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დაკარგულთა ოჯახის წევრებს სტიქიის ეპიცენტრს ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერებინებენ, რათა თვითონ ნახონ, თუ რა მძიმე სიტუაციაა.

16:30 – აზერბაიჯანი სამაშველო ოპერაციებში დასახმარებლად მზადაა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან, სადაც მან გამოთქვა აზერბაიჯანის მზადყოფნა სამაშველო ოპერაციებში დახმარების კუთხით.

15:50 – კიდევ 4 გარდაცვლილია ნაპოვნი

შსს-ის ინფორმაციით, კიდევ ოთხი გარდაცვლილია ნაპოვნი. შედეგად, დაღუპულთა რაოდენობამ 11-ს მიაღწია.

15:00 – პრეზიდენტის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ღრმა მწუხარება გამოხატა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ იმ ოჯახებთან ერთად ლოცულობს, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები.

14:20 – 7 დაღუპული, დაახლოებით 210 გადარჩენილი, 31 დაკარგული

ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ მეშვიდე გარდაცვლილია ნაპოვნი. შსს-მ ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სამაშველო ღონისძიებები რეგიონში შაბათ-კვირასაც გაგრძელდება. მან 7 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა. მან ასევე განაცხადა, რომ მაშველებთან ერთად პროცესში ქართული საჯარისო და თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.

13:07 – წითელი ჯვრის ცხელი ხაზი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ცხელი ხაზის ნომერი გაავრცელა და მოუწოდა საზოგადოებას, რომ შოვში დაკარგულთა შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გასაზიარებლად ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ: 032 2 501 105.

ამავე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საქართველოს წითელი ჯვრის კატასტროფების მართვის, პირველი დახმარების, ოჯახური კავშირების აღდგენისა და ფსიქოსოციალური დახმარების გუნდები.

12:50 – რაჭაში პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატები ჩავიდნენ

რაჭაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდა. ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად შოვის სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის საგანგებო სხდომას ესწრება.

12:17 – რაჭაში პრემიერ-მინისტრი ჩავიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მან ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართა.

12:10 – 6 გარდაცვლილი, 140 გადარჩენილი

შსს-ის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ხოლო 140 ადამიანი უსაფრთხო ადგილას იქნა გადაყვანილი. სტიქიის ზონაში მეხანძრე – მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამაშველო ღონისძიებებს. ადგილზე ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მუშაობს სპეციალური ტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფი.

10:04 – სტიქიის სალიკვიდაციო და გზის წმენდის სამუშაოები განახლდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განახლდა სტიქიის სალიკვიდაციო და გზის წმენდის სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ამ ეტაპზე, 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება.

10:02 – 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ 10:02 საათის მდგომარეობით, ვერ ხერხდება შოვში მყოფ 35 ადამიანთან დაკავშირება. განახლებული ინფორმაცია მან მედიას მიაწოდა.

08:30 – პრემიერ-მინისტრი შოვში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა ეს ინფორმაცია პირველ არხს დაუდასტურა.

06:00 – შოვში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაფრინდა

შსს-ს ინფორმაციით,  06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

ხუთშაბათი, 3 აგვისტო

23:50 – გააქტიურდა ცხელი ხაზი

შსს-ს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ საგანგებო თათბირი გაიმართა, რის შედეგადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ცხელი ხაზის შექმნის თაობაზე. შსს-მ  მოუწოდა მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ დაუკავშირდენენ ნომერზე: 598 913 089.

23:03 – „სანსეტ შოვის“ დამსვენებლები უსაფრთხოდ არიან

სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ინფორმაციით, მისი ყველა დამსვენებელი და თანამშრომელი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

22:03 – 2 ადამიანის გვამია ნაპოვნი

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარია ნაპოვნი.

20:09 – 70 პირი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს  

სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

19:03 – ევაკუაცია დაიწყო

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, შოვიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დაიწყო.

16:50 – შოვის მიმართულებით 2 ვერტმფრენი დაიძრა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და  სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

15:00 – შოვში მეწყერი ჩამოწვა

შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი ჩამოწვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button