ახალი ამბები

საერთაშორისო საზოგადოება შოვის მეწყრის მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა სოლიდარობა გამოხატეს შოვის მეწყრის შედეგად განვითარებული მოვლენების მიმართ და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუხატეს. „სამოქალაქო საქართველო“ სოციალური მედიით გავრცელებულ გზავნილებს გთავაზობთ.  

04/08/2023 – მეწყერი რაჭაში – სიახლეების ბლოგი

საქართველოში აშშ-ის საელჩო: “ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია”.

ევროკავშირის წარმომადგენლობა: „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით თვალს ადევნებს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული  სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს“.

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა: “დამწუხრებულნი ვართ რაჭის რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების სწრაფი და უსაფრთხო გამოყვანა მოხერხდება”.

გაერო საქართველოში: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა განსაკუთრებით დაუცველები იყონ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ.

თურქეთის საელჩო საქართველოში: დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას”.

უკრაინის საელჩო საქართველოში: „უკრაინის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მოძმე ქართველს ხალხს და გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. მწუხარებით თავს ვიხრით მათ წინაშე“.

ავსტრიის საელჩო საქართველოში: „ავსტრიის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ავსტრიის საელჩო ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო სამუშაოებს და გამოთქვამს დიდ იმედს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში“.

საფრანგეთის საელჩო საქართველოში: „საფრანგეთის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დამანგრეველი მეწყერის ჩამოწოლისას გარდაცვლილთა ახლობლების მიმართ. ვფიქრობთ სტიქიის ზონაში დაკარგულ თუ ჩარჩენილ ყველა ადამიანზე და ვიმედოვნებთ, რომ ისინი უვნებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს. მხარდაჭერას ვუცხადებთ სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ყველა პროფესიონალსა და კერძო პირს“.

ირანის საელჩო საქართველოში: „ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარი დამანგრეველი მეწყერის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს მთავრობას და ხალხს“. 

იაპონიის საელჩო საქართველოში: „იაპონიის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის“.

ნიდერლანდების საელჩო საქართველოში: „ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში გამოხატავს ღრმა მწუხარებას შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ დაკარგულების მოძებნა მოხდება უახლოეს ხანში“.

გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ“.

საბერძნეთის საელჩო საქართველოში: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში სტიქიის დროს ადამიანების ტრაგიკული დაღუპვის გამო. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთანაა. ჩვენი იმედებით, სურვილებით და მხარდაჭერით მაშველების გვერდით ვართ მათ დაუღალავ ძალისხმევაში“.

შვედეთის საელჩო საქართველოში: „ამ მწუხარების ჟამს შვედეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ თვალს ვადევნებთ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციებს და ვიმედოვნებთ, რომ სტიქიის დროს დაკარგულები უსაფრთხოდ დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს“.

შვეიცარიის საელჩო საქართველოში: „შვეიცარიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. გლოვის დღესთან დაკავშირებით, შვეიცარიის დროშა საელჩოს შენობაზე დაეშვება“.

ფინეთი სამხრეთ კავკასიაში: „ვუერთდებით სამძიმარს დაღუპულთა ოჯახების მიმართ და სოლიდარობას ვუცხადებთ სამაშველო ძალისხმევას“.

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი: “გერმანიის სახელით რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის დროს დაზარალებულებს ჩვენს თანაგრძნობას ვუცხადებ. ვფიქრობთ და ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის, დაშავებულებისა და სამაშველო სამუშაოებში მონაწილე ადამიანებისათვის.

ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი: „ყურადღებით ვადევნებთ თვალს რაჭაში მომხდარ დამანგრეველ სტიქიურ უბედურებას. ჩვენი ფიქრები იმ ოჯახებთანაა, რომელთაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს, და იმ პირებთან, რომელთაც ეს მტკივნეული ამბავი გადაიტანეს. დიდი პატივისცემა მამაც მაშველებს“.

დანიის ელჩი საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენი: „საქართველოში დანიის საელჩოს სახელით, მინდა ჩვენი სამძიმარი გამოვთქვა ამ ტრაგედიის ფონზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჯერ კიდევ დაკარგულებს მალე იპოვნიან და უსაფრთხოდ იქნებიან“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ვგლოვოთ შოვში დანამგრეველი მეწყრის დროს დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდება. ამ ტრაგედიის დროს, ჩვენი გულები ქართველ ხალხთანაა“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „გულწრფელად ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომელთაც თავიანთი ძვირფასი ადამიანები შოვის მეწყრის დროს დაკარგეს. ვიმედოვნებთ, რომ ათობით ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ დაკარგულია, უსაფრთხოდ და ჯანმრთელი დაბრუნდება. ჩვენ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით ვდგავართ“.

სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან. მინისტრმა გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრმა ბაირამოვმა გამოთქვა აზერბაიჯანის მზადყოფნა სამაშველო ოპერაციებში დახმარების კუთხით. მინისტრმა დარჩიაშვილმა მას სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც გამოუცხადა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „გულწრფელად ვუსამძიმრებთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სამაშველო ძალისხმევის წამატების იმედს ვიტოვებთ“.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „სამძიმარს ვუცხადებთ შოვში დამანგრეველი მეწყრის მსხვერპლთა ოჯახებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „შეძრწუნებულები ვართ ინფორმაციით შოვში ჩამოწოლილი დამანგრეველი მეწყრის შესახებ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ქართველ ხალხთანაა. ვიმედოვნებთ, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან“.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „სამძიმარს ვუცხადებთ შოვში მომხდარი ტრაგიკული მეწყრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ჩვენ ფიქრებში საქართველოს ხალხთან ვართ და იმედი გვაქვს, რომ დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ გადარჩებიან“.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა და ვიმედოვნებთ, რომ სამაშველო ღონისძიები წარმატებული იქნება“.

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ვუსამძიმრებთ შოვში დამანგრეველი მეწყრის მსხვერპლთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები ქართველ ხალხთანაა. ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო: „არაბთა გაერთიანებული საამიროები გულწრფელ სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს რაჭის რეგიონბში მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო არაბთა გაერთიანებული საამიროების თანაგრძნობას გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და ხალხის, ასევე დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „დღეს, როდესაც საქართველო შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად დაღუპულებს გლოვობს, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს ხალხს და ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ“.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო: „ჩვენი თანაგრძნობა ჩემს ქართველ კოლეგასთან ტელეფონით საუბრისას გამოვხატე და, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიასთან გასამკლავებლად უნგრეთის დახმარება შევთავაზე. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაგვიხადა შემოთავაზებისთვის და ეს მეგობრულ ჟესტად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ საკუთარი რესურსების ამოწურვის შემთხვევაში ჩვენ მოგვმართავენ“.   

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, პაკ ჯინი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანავუგრძნობ საქართველოს ხალხს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაზარალდა შოვში მეწყერის შედეგად. ჩვენ სოლიდარობას გიცხადებთ და ზარალის სწრაფ აღდგენას გისურვებთ“.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ალენ სიმონიანი: „ჩემი გულწრფელი სამძიმარი მოძმე საქართველოს ხალხს, შოვის მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი ასევე მოუცხადეს სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი: „ღრმად თანავუგრძნობთ ქართულ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს  და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს“.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: „გულწფელი სამძიმარი მინდა, გამოვუცხადო შოვში ტრაგიკული მეწყერის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ“.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: „ძალიან ვწუხვარ ამ საშინელი სურათებისა და ახალი ამბების გამო საქართველოდან. ჩემი გული და გონება შოვშო მომხდარი ამ ბუნებრივი ტრაგედიის მსხვერპლთა გვერდითაა“.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი: „ამ ზაფხულს, სტიქიურმა უბედურებებმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია ნგრევა, საფრთხე შეუქმნა ადამიანთა სიცოცხლეს და მათი სახლები და საარსებო საშუალებები გაანადგურა. მთელი ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ ხანძრები მძვინვარებს. სლოვენიამ და საქართველომ სერიოზულად იზარალეს წყალდიდობებისა და მეწყრების გამო. კლიმატის ცვლილება უდავო რეალობას წარმოადგენს და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას ემუქრება. ევროკავშირი კვლავაც მზადაა დაეხმაროს დაზარალებულებს – დაწყებული ხანძრით დაზარალებული რაიონებიდან საბერძნეთში და დამთავრებული ტაიფუნის მსხვერპლებით ფილიპინებზე“.  

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ხავიერ კოლომინა: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოში, შოვში ჩამოწოლილი ტრაგიკული მეწყრის გამო. ნატოს გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს. ჩვენი ფიქრები დაღუპულებთან და მათ ახლობლებთანაა“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, დიმიტრიოს კარაბალისი: „ამ ეროვნული გლოვის დღეს, ჩემი გული შოვის მაცხოვრებლებთანაა, რომლებიც დაღუპულებს გლოვობენ. ჩემი ფიქრები დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებთანაა. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთელი გუნდი და მე ურყევ სოლიდარობას ვუცხადებთ დაზარალებულებს“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი: „აშშ სამძიმარს უცხადებს საქართველოში მომხდარი მეწყერის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და ვაფასებთ მაშველების წარმოუდგენელ თავდადებას, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ სიცოცხლეების გადასარჩენად და დაშავებულთა დასახმარებლად“.

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში: „სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს რაჭის რეგიონში მეწყერის შედეგად ყველა დაზარალებულს. აშშ აგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში“.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია: „ჩვენი გულები არის საქართველოს მოსახლეობასთან შოვში ჩამოწოლილი ტრაგიკული მეწყერის შემდეგ. აშშ და მისი ხალხი თქვენ გვერდითაა“.

Vatican News-ის ინფორმაციით, „რომის პაპმა ფრანცისკემ ლისაბონში მსოფლიო ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ ილოცონ, საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულთათვის. მან მხარდაჭერა გამოხატა დაღუპულთა ოჯახებისა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების მიმართ. პაპმა ასევე განაცხადა, რომ იგი საქართველოს პატრიარქის ილია მეორის გვერდით დგას.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button