პრეზიდენტმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით 4 აგვისტოს მოსახლეობას ორბელიანის სასახლიდან მიმართა და ღრმა მწუხარება გამოხატა მომხდარის გამო. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ იმ ოჯახებთან ერთად ლოცულობს, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები.
პრეზიდენტის თქმით, ეს ტრაგედია სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ყველა მოქალაქე იზიარებს. „ჩვენ ვიცით, ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობებით დავეხმოთ ადამიანებს, რათა გადალახონ მათი ცხოვრების ეს გაუსაძლისი პერიოდი“.
ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, რომლებმაც „ყველაფერი გააკეთეს, რომ გადაერჩინათ ადამიანები“.
მან ასევე აღნიშნა, რომ „მე და ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც იქაა ჩართული, მთავრობას, დღეს ერთიანობის დროა. ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად, ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება“.
პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებსაც გადაუხადა მადლობა, რომელთაც სოლიდარობა გამოუხატეს ქართულ საზოგადოებას და განაცხადა, რომ „თუ ეს საჭიროება გამოჩნდა და ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ასევე მზად ვარ, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად“.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, 7 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/08/2023 – რაჭაში მეწყერს სულ ცოტა ორი ადამიანი ემსხვერპლა
- 04/08/2023 – მეწყერი რაჭაში – სიახლეების ბლოგი
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)