ახალი ამბები

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს სტუმრობს

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. ის დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ შეხვდა, რის შემდგომაც საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში. შეხვედრისას ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი რეგიონის მშვიდობიან განვითარებას, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში.

მან ასევე ხაზი გაუსვა ძლიერ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, რომლებიც საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა მიზნად ისახავს ჩაერთოს მაღალი დონის დიალოგში სტრატეგიულ საკითხებზე, რაც დამატებით ბიძგს მისცემს წარმატებულ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი იყო სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზეც, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ დონეზე გადაიყვანონ და ხაზი გაუსვეს მეზობელი ქვეყნების მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის კავშირების განმტკიცების მნიშვნელოვან პლატფორმას.

გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ, მონაწილე მხარეებმა ეკონომიკური სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პრესრელიზში.

ვიზიტის დასასრულს, ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად 8 ივლისს ბათუმში უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრო, რომელიც ესპანეთსა და ინგლისს შორის გაიმართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button