ახალი ამბები

სომხეთში დაკავებულ ქართველ მებრძოლს რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება

მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს იბრძოდა და რომელსაც რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სომხეთში პატიმრობაში იმყოფება და რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს საელჩომ სომხეთში ამის შესახებ მისი ნათესავებისგან შეიტყო, სომხეთის ოფიციალური პირებისგან კი ამ საკითხზე ინფორმაცია ჯერ არ მიუღია.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის კინოიანი 3 სექტემბერს საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს, მას შემდეგ, რაც სომეხმა მესაზღვრეებმა შეიტყვეს, რომ რუსეთში მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. 5 სექტემბერს სასამართლომ მას 40-დღიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ცნობით, სომხეთის მთავრობამ უკვე აცნობა რუსეთს მისი დაკავების შესახებ.  

„აღნიშნულის თაობაზე სომხეთში საქართველოს საელჩოს აცნობეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა, თუმცა, სომხეთის ოფიციალური უწყებებიდან შეტყობინება საელჩოს დღემდე მიღებული არ აქვს. საკონსულო კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს აღნიშნულ საკითხზე“, – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ექსტრადირებამ შესაძლოა კინოიანის სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დააყენოს.

This post is also available in: English

Back to top button