ერევანში საქართველოსა და სომხეთის პრემიერები შეხვდნენ
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ერევანს სტუმრობს, 12 იანვარს სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს გაუსვეს ხაზი. მათივე შეფასებით, ის ფაქტი, რომ კომისიას პრემიერმინისტრები ხელმძღვანელობენ, „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონის მაჩვენებელია“.
Held a productive meeting w/ @NikolPashinyan today, in the framework of the Intergovernmental Commission on Econ Coop of ?? & ??
Discussed regional peace initiatives & other bilateral programs, along w/ prospects of expanding econ & trade relations. pic.twitter.com/HQ6NWhZzcw
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) January 12, 2023
ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება, რა დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა „გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრემიერების ხელმძღვანელობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა საზღვრის ბიომეტრიული მოწმობებით გადაკვეთის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/06/2022 – ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)