skip to content
ახალი ამბები

ALDE-ს კონგრესმა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის“ (ALDE) 28 მაისს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია „კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებების მიმართ, რომ გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი“, ასევე მტკიცე მხარდაჭერას, რომ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

რეზოლუცია სინანულს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო განაახლოს პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც რუსულ თვითფრინავებს რუსეთსა და საქართველოს შორის ყოველდღიური ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელთა მიხედვითაც, დასავლეთსა და ევროკავშირს ქვეყნის ომში ჩათრევა სურთ, და აცხადებს, რომ ეს საზოგადოებაში ევროკავშირს იმიჯს ლახავს. რეზოლუციაში ასევე საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის სანქცირებული წევრების საქართველოში შემოსვლის შესახებ, ასევე საქართველოს „ხელისუფლების პოზიციაზე, რომ რუსეთთან თანამშრომლობა გააღრმაოს“.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“, რომ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ ავიაციის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაიცვას; შეწყვიტოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტირება; შეწყვიტოს ფლირტი რუსეთის ხელისუფლებასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გააქტიურების გზით; შეწყვიტოს ანტი-დასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანია; და გაათავისუფლოს ლაზარე გრიგორიადისი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button