skip to content
ახალი ამბები

თბილისში ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში, ათონელის საპრეზინდეტო სასახლესთან 27 მაისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა სახელწოდებით „თავისუფლება ნიკას“. საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა, „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა, სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა მიიღეს. აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევენ.

ბოლო პერიოდში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკა რამდენჯერმე გააკრიტიკა, მათ შორის, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. დღევანელი აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს პრეზიდენტს, რომ თავის პროევროპულ რიტორიკას პროევროპული ქმედებებიც დაუმატოს.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია თბილისში, 26 მაისი, 2023, ფოტო: სერგი კაპანაძე

აქციის მონაწილეებმა გვარამიას პატიმრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ბანერზე „ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს პოლიტპატიმრების გარეშე“ საკუთარი ხელმოწერები დატოვეს.

ტელეკომპანია „კავკასიას“ დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, რომელის ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობდა, „მთავარ არხთან“ საუბარში თქვა, რომ გვარამიას დაპატიმრებით „ხელისუფლება გადალახა ზღვარი“ და „პირდაპირ გვითხრა“, რომ „ნებისმიერ ადამიანს ჩავსვამ ციხეში, როცა მომინდება“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ ბოლო ერთ წელში გადადგმული ნაბიჯებიდან ჩანს, რომ ის „ყველანაირი ფარგლებიდან გავიდა და პირდაპირ რუსეთში მიდის“. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ უნდა სჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ ნიკა გვარამიას ციხეში ჯდომა დამაზიანებელია ქვეყნისთვის. მანვე ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიის „მძიმე ფინანსურ“ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ „მთავარი არხის“  დირექტორის დაპატიმრებას ჰქონდა „გამყინავი ეფექტი“ მედიის მდგომარეობაზე და პრეზიდენტს შეუძლია, რომ მისი შეწყალებით „ეს სიგიჟე მყისიერად დაასრულოს“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ წამყვანმა, გიორგი თარგამაძემ ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი აქცია არა მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ გამოხატული სოლიდარობის აქციაა, არამედ ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ, რადგანაც „პოლიტპატიმრებით ევროკავშირისკენ ნაბიჯის წინ გადადგმა არის შეუძლებელი“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება თავიდანვე „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ და „რეპრესიული რეჟიმის გამოვლინება“ იყო. თარგამაძის თქმით, მოქმედ პრეზიდენტს ამ სიტუაციის „გარკვეულწილად შერბილების“  და ვითარების „საწყის წერტილში“ დაბრუნების რესურსი აქვს,“ საიდანაც დემოკრატიის ათვლა შეიძლება დაიწყოს“. „პირადი პატიმრობის და ამ უბედურების დრო რომ დამთავრდეს ამ ქვეყანაში, აუცილებელია ამ გადაწყვეტილების [გვარამიას შეწყალების] მიღება“, – დასძინა მან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილს „სათქმელი ექნება მაშინ, თუ იმ ინსტრუმენტს [შეწყალების] გამოიყენებს, რომელიც მას აქვს“. „თუ ვინმე მას პრეზიდენტად აღიარებს, არის ის ინსტრუმენტი, რის გამოყენებაც შეუძლია, სხვა ფუნქციები მას ხომ ყველაფერი ჩამოართვეს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „მას შეუძლია ჩვენი ევროპული მომავლისთვის კონკრეტული სიკეთეების გაკეთება, რაც გულისხმობს, იგივე პოლარიზაციის დასრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას“. „მანამდე არ მჯერა მისი ამ გამოსვლების. ერთია რას საუბრობს და მეორეა რას მოქმედებს. როცა მოქმედება და საუბარი ერთმანეთს არ ემთხვევა, ვარაუდები გვიჩნდება, რომ ან არის მართული და არ არის დამოუკიდებელი“, – ხაზი გაუსვა ენმ-ის თავმჯდომარემ.

„მისი [სალომე ზურაბიშვილის] პოზიციონირება არ ცვლის არაფერს და არ შეცვლის, თუ მან, იქ სადაც მას ვერავინ ხელს ვერ შეუშლის, მინიმალური ნაბიჯები არ გადადგა, რაც მას შეუძლია რომ გადადგას“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ და დასძინა, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს, „ის შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო პრეზიდენტი“. „სანამ ის ამ ინსტრუმენტს არ იყენებს, ის არის მათ [ხელისუფლების] მხარეზე და მას შეუძლია გადაირჩინოს რეპუტაცია, თუ ამას გამოიყენებს“, – დასძინა მან.

ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან წელიწადზე მეტი გავიდა. მას შემდეგ, სახალხო დამცველი, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებას გამოხატავდნენ „მთავარი არხის“ დირექტორის დაპატიმრების გამო, მას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ გვარამიას დაპატიმრება დაბრკოლებას წარმოადგენს საქართველოს ევროპულ გზაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button