skip to content
ახალი ამბები

ALDE-მ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კანდიდატობას მხარი დაუჭირა 

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) რეზოლუცია მიიღო, სადაც მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ ივნისის ბოლოს დაგეგმილ საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭიროს.

დუბლინში, 4 ივნისს, ALDE-ს ყრილობაზე მიღებული რეზოლუცია აღიარებს „საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ხალხების ისტორიულ არჩევანს, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში“ და მიესალმება სამ ქვეყნის „ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ათწლეულების განმავლობაში“.

ხაზს უსვამს რა კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების, ძალაუფლების გადანაწილებისა და ადამიანის უფლებების სფეროებში სამივე ქვეყანაში შემდგომი მუშაობის საჭიროებას, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ კანდიდატობის სტატუსის მინიჭება სამი ქვეყნის დემოკრატიას გააძლიერებს და „მათ რუსული გავლენებისგან გაათავისუფლებს“.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან სამი ქვეყნის შესაბამისობა ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას წარმოადგენს.

რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვის რეგიონების ოკუპაციასთან ერთად, ALDE-მ უკრაინაში შეჭრა და მისი ტერიტორიების ოკუპაციაც დაგმო.

რეზოლუციის ინიცირებასა და შემუშავებაში წვლილი ასევე შეიტანეს ALDE-ს წევრმა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა – ლელომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, თავისუფალმა დემოკრატებმა, გირჩი – მეტი თავისუფლებამ და რესპუბლიკურმა პარტიამ.

ALDE-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრისას, რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ „ეს არის უმნიშვნელოვანესი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა ჩვენს ევროპელ პარტნიორებში“.

საქართველოს ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი მაისში წარადგინა და უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ახლა ევროკომისიის მოსაზრებას ელის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button