კეზერაშვილი BBC-ის გამოძიების ბრალდებებს უარყოფს და „ფორმულაში“ საკუთარი წილის დათმობაზე საუბრობს
ტელეკომპანია „ფორმულამ“ 18 აპრილს თავისი დამფუძნებლის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში კეზერაშვილი კატეგორიულად უარყოფს BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერებულ ბრალდებებს, სადაც კეზერაშვილი თაღლითობის გლობალურ ქსელთანაა დაკავშირებული. განცხადებაში ყოფილი თავდაცვის მინისტრი ასევე საუბრობს გადაწყვეტილებაზე, რომ „ფორმულაში“ საკუთარი წილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს გადასცეს.
გამოხმაურება BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე
BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე საუბრისას, კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია და მისი „ოლიგარქი“ ლიდერი მის წინააღმდეგ კამპანიას უკვე წლებია ახორციელებენ, რაც საქართველოში არსებული რუსული გავლენისა და პროპაგანდის მკაფიო ნიშანია. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „ჩემს წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი გახდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით გამოირჩეული საერთაშორისო მედიასაშუალება, რომლის ტრადიციულ რეპუტაციულ გამართულობასაც შეუძლებელია პატივი არ სცე“.
კეზერაშვილმა საგამოძიებო მასალის ავტორი დაადანაშაულა, რომელიც, მისი თქმით, წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას The Times of Israel და არა BBC-ის და „ის წლების განმავლობაში ცდილობს შემილახოს საქმიანი რეპუტაცია“. მან ასევე აღნიშნა, რომ ავტორის მასალების დიდი ნაწილი „ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს“. კეზერაშვილის თქმით, ჟურნალისტური გამოძიების სასურველი მიმართულებით წარსამართად საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ავტორი მიიყვანა სწორედ იმ სპეციალურად შერჩეულ ქოლ-ცენტრზე რეიდის გადასაღებად, რომელიც კეზერაშვილის ყოფილ პარტნიორსა და მეგობართან ასოცირდებოდა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი უცნაურად მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კვალიფიკაციის ჟურნალისტს ჩემი მისამართით ბრალდებისთვის არ დასჭირდა მეტი სიღმისა და დეტალის გარკვევა“ და სანაცვლოდ, „მან შეისწავლა ჩემი სოციალური ქსელები და განაცხადა, რომ მყავს 45 ფეისბუკ მეგობარი, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. მილტონ ჯგუფის თაღლითურ სქემასთან“.
კეზერაშვილი გამოძიების ყველა ბრალდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტყუილია, თითქოს მან უარი თქვა ჟურნალისტებთან თანამშრომლობაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ თავად ჟურნალისტმა რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მას Milton Group-ის სახელით ცნობილ ქსელთან დააკავშირებდა. კეზერაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არც ამ და არც სხვა თაღლითურ ქსელთან მას კავშირი არ აქვს. მან ასევე უარყო, რომ იგი ჩართული იყო ტექნოლოგიურ კომპანიაში, რომელიც ქმნიდა სავაჭრო პლატფორმებს Milton Group-ისთვის. რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი კომპანიის იმეილები და Milton Group-ის ვებსაიტები ერთსა და იმავე სერვერებზე იყო განთავსებული, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ „ჩემი კომპანიებისა და ჩემი იმეილის კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს მესამე მხარე. იმის გამო, რომ ჩემი ელ-ფოსტა არაერთხელ გამხდარა კიბერ თავდასხმის ობიექტი, მომსახურე კომპანია მაღალი დაცულობის უზრუნველსაყოფად ხშირად ცვლის სერვერებს“.
კეზერაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კიევში მის კუთვნილებაში არსებულ კომერციულ შენობებში არასდროს უმუშავიათ თაღლითურ კომპანიებს. „არასდროს ყოფილა რაიმე ტიპის გამოძიება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლთაც ამ შენობებში კომერციული ფართები აქვთ ნაქირავები“, – დასძინა მან.
„ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს“, – განაცხადა კეზერაშვილმა და დასძინა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მიაწოდოს ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც, მისი თქმით, რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში.
გადაწყვეტილება „ფორმულასთან“ დაკავშირებით
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კრიტიკული მედია საქართველოში, მათ შორის „ფორმულა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც კეზერაშვილია, სისტემატურად აშუქებს ე.წ. ქოლ-ცენტრების სახელისუფლებო სქემას. „ფაქტებისა და დასაბუთებული მასალების არსებობიდან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო ჯგუფს, რომ ჩასულიყვნენ თბილისში და ჩაეტარებინათ გამჭირვალე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოში მოქმედი კრიტიკული მედიების ხელშეწყობით, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა“, – განაცხადა კეზერაშვილმა და დასძინა, რომ „ფორმულამ“ ჯგუფს ყველანაირი დახმარება გაუწია და ეთერში გასული მასალები გადასცა.
კეზერაშვილის თქმით, იგი უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს. „მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც“, – აღნიშნა მან (საჯარო დოკუმენტების თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, იგი აქციების 51%-ს ფლობდა). კეზერაშვილს მიაჩნია, რომ ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, თავისუფალ მედიას მისი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო. „და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში“, – დასძინა მან.
„ოლიგარქიული რეჟიმი“
თავის განცხადებაში, კეზერაშვილი საქართველოში არსებულ „ოლიგარქიულ რეჟიმსაც“ შეეხო. მისი თქმით, „სამოქალაქო საზოგადოება რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის“. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის 11 წლიანი ძალისხმევა – საქართველო გაეხადა ღია პლატფორმა პუტინის რუსეთისთვის, განწირული აღმოჩნდა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა და ყველაფერი აკონტროლოს, რადგან „ქართული ოცნების“ მმართველისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია „მისგან, რუსული ოლიგარქიული რეჟიმისგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მედია, ახალგაზრდები“. „ოლიგარქის პერსპექტივიდან დღეს საფრთხეა ყველგან, სადაც ის არ არის, რასაც ის ვერ აკონტროლებს, რასაც დემოკრატიულობისა და დასავლური ღირებულებების შინაარსი შეიძლება ჰქონდეს“, – აღნიშნა კეზერაშვილმა.
მისი თქმით, იგი ბიძინა ივანიშვილის „პერსონალური სამიზნე“ გახდა, რასაც მოწმობს „პოლიტიკური თანამდებობის პირების უსაფუძვლო კამპანიური განცხადებები, კლანური სასამართლოს გადაწყვეტილებები, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ყოველდღიური ცრუ ბრალდებები“. კეზერაშვილის თქმით, ხელისუფლებას „ნებისმიერ ფასად უნდა ჩემი, როგორც საქმიანი რეპუტაციის დაზიანება, ასევე, რეალური მიზნების ბინძური მეთოდებით ინტერპრეტირება“.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/04/2023 – დავით კეზერაშვილი მის მიმართ ბრალდებებს პასუხობს
- 30/09/2021 – თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
- 27/05/2014 – თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გაამართლეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)