skip to content
ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციები „ყალბი ორგანიზაციებისა და სქემების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 10 მაისს ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციები გააკრიტიკა და აუდიტის სამსახურს ოპზიციური პარტიების ფინანსების დაინტერესებისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უცხოური ფული ყალბი ორგანიზაციებისა და სქემების საშუალებით ქართულ პოლიტიკაში იდება. „ბოლო პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ შემთხვევაში, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში, „ევროპულ საქართველოსაც“ ჩამოყალიბებული აქვს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ ლიდერების მიერაა დაფუძნებული, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება“. მისივე თქმით, „ამიტომ მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ამ ორგანიზაციებმა გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის, დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს. „თუნდაც IRI-მ გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში „გირჩის” პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა“.

პაპუაშვილს მხედველობაში ჰქონდა ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებული სურამის ახალგაზრდული ბანაკის შესახებ. ეს ორგანიზაცია პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებასთანაა“ აფილირებული, ხოლო თავად ღონისძიების თანადამფინანსებელი IRI იყო პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მმართველი პარტიის მტკიცებით, ეს ღონისძიება ქვეყანაში რევოლუციის მომზადებას ისახავდა მიზნად.

საპასუხოდ, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდული ბანაკები პოლიტიკურ იდეოლოგიებზე, ეკონომიკაზე, სამართლებრივ სისტემაზე, სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო მოწყობასა და მსგავს საკითხებზე განათლების მიღებას ემსახურება. მან რევოლუციისთვის მზადების ვერსია უარყო და აღნიშნა, რომ მისმა პარტიამ, რომელიც საქართველოში იარაღის შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მომხრეა, წინა შეხვედრებზე დარგის სპეციალისტები მიიწვია იარაღის უსაფრთხოებასა და გამოყენებაზე სასაუბროდ. მისივე თქმით, ამას არაფერი აქვს საერთო ძალადობის წაქეზებასთან. ჯაფარიძემ დასძინა, რომ ამგვარი განცხადებების მიზანი არის იმის მიღწევა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონით ვერ მიაღწია: შეაჩეროს დასავლური დაფინანსება ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების განსავითარებლად, „რაც ხდება ამ ქვეყანაში ბევრი წელია“.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პაპუაშვილმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტიც გაიხსენა და განაცხადა: „სწორედ ამაზე იყო საუბარი მათ შორის, როდესაც ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. მაშინ იცით, რომ სამწუხაროდ არასწორად იქნა ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ აქ შეიძლება სხვა ინტერესები იყო, რომ დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რომელიც საქართველოში შემოედინება“.

შემდეგ მან IRI ახსენა და განაცხადა: „მე არაერთხელ მქონდა ჩვენს პარტნიორებთან ამაზე საუბარი, რომ მათი გადასახადის გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისთვის და ძალადობის წახალისებისთვის. ახლა აღმოჩნდა, რომ IRI პირდაპირ აფინანსებს ზუსტად ასეთი სახის ღონისძიებებს, სადაც იარაღთან გარკვეული გაშინაურება ხდება ახალგაზრდების, რომ მათ მერე არ მოერიდოთ საჭირო დროს ამ იარაღის ხელში დაჭერა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button