„მორიგი რუსული პროვოკაცია!“ – პრეზიდენტი რუსეთის მიერ საქართველოსთან ვიზების გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე
„მორიგი რუსული პროვოკაცია!“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ავიამომოსვლის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას.
„საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!“, – ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმა.
Another Russian provocation!
Resuming direct flights and lifting visa ban with Georgia is unacceptable as long as Russia continues its aggression on Ukraine and occupies our territory!— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 10, 2023
Twitter-ზე პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება პირდაპირი პროვოკაცია „ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის“. „მე მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად მიუღებელი, უადგილო, უდროო, არც ვიზების მოხსნა გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი არის მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და სანამ რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მოსკოვის ეს პროვოკაცია, შესაძლოა, იყოს იმ კრახისა და მარცხის გადაფარვის მცდელობა, რასაც რუსეთი უკრაინის ქალაქ ბახმუტთან განიცდის, „სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას“, ან პასუხი ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი პაკეტის მიმართ. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი ჩვენს ხელისუფლებას „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე“ აყენებს, რადგანაც „ეს უთუოდ გამოიწვევს დაძაბულობას პარტიებს შორის“.
„თორემ მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაში ეს არანაირ დაძაბულობას არ გამოიწვევს. ეს გამოიწვევს ძალიან დიდ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთი როცა ასეთ ნაბიჯებს დგამს, ამ ნაბიჯებს დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე“, – ხაზი გაუსვა მან.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, „სამწუხაროდ“, ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო და არ დაფიქრდა ჩვენს გასულ ისტორიაზე და ყველა იმ მაგალითზე, რაც არსებობს, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არა დათმობით, არამედ იმით პასუხობს, რაც უფრო გაართულებს ხელისუფლების მდგომარეობას. „ეს არის მისი მუდმივი ქცევის მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება“.
„მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ეს ის დრო არის, რომ თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, დრო არის იმის, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს სამთვიანი ვიზების დაწესება [რუსეთის მოქალაქეთათვის], რომელიც საჭირო არის ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მეტი კონტროლი არის სახელმწიფოდან საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან და რჩებიან ქვეყანაში.
„აუცილებელი არის, რომ რაღაც ზომები იყოს მიღებული იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზუბულ ჩარჩოებში. ჩვენ ვართ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება, რომ მოხდეს ქვეყანაში“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა დასძინა, რომ „ეს არის დაცულობა ჩვენი საზოგადოების და სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე“.
„ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომც რაღაცა დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს ამ დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ყველა ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ რაღაც ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მანვე კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს არა „ხალხის ძალას“, არამედ „ხალხის ხმას“. პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ. „ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულნი უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის მოთხოვნა საზოგადოების. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ სხვანაირად მოხდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, – თქვა მან სიტყვის დასასრულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)