IRI-ის კვლევა: ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა აქვს
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 25 აპრილს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო.
ამასთან, გამოკითხულების 62% აცხადებს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 30%% კი – მიიჩნევს, რომ ქვეყანას სწორი გეზი აქვს აღებული. ორივე შემთხვევაში იდენტური მაჩვენებელი იყო წინა, 2022 წლის სექტემბრის კვლევის მიხედვით. გარდა ამისა, ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ პრობლემად 36 ეკონომიკას და უმუშევრობას ასახელებს, 19% ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯებსა და მაღალ ფასებს, 6%-6% სიღარიბესა და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს, 5% კი – შიდა კონფლიქტებს.
პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და არჩევნები
კითხვაზე – არჩევნები რომ ამ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდი ხმას? – პირველ არჩევნად 19%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 14%-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 3%-3%-მა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“, 2%-2%-მა კი – „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი“.
რაც შეეხება პარტიების უარყოფით რეიტინგებს, 39%-მა თქვა, რომ ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემდა, 34%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 16%-მა „კონსერვატიული მოძრაობა“, 13%-13%-მა კი – „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“ და „ევროპული საქართველო“.
ამასთან, 42% ამბობს, რომ მის ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია გამოხატავს; 29% ამბობს, რომ არის ერთი პარტია მაინც რომელიც მის ინტერესს მეტნაკლებად გამოხატავს; 25%-ის განცხადებით კი – არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მის ინტერესს სრულად გამოხატავს; 4%-მა არ იცის, ან უარია პასუხზე. გარდა ამისა, რესპონდენტების 39% საერთოდ არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს, მათდამი ნდობა კი – მხოლოდ 13%-ს აქვს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მის მიერ ორგანიზებულ არჩევენებს ჯამში სრულად (15%) და მეტწილად (33%) გამოკითხულების 48% ენდობა, 33% საერთოდ არ ენდობა, 17%-ს მცირე ნდობა აქვს, 3%-მა არ იცის ან უარია პასუხზე.
საჯარო ფიგურებისა და ინსტიტუციებისადმი ნდობა
ყველაზე მოსაწონ საჯარო ფიგურებს შორის პირველ ადგილზე 91%-ით კვლავ მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა. შემდეგ მოდიან: დედაქალაქის მერი, კახა კალაძე – 52%-ით; საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი – 48%-ით; საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი – 43%-ით; 36%-36%-ით ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და პატიმრობაში მყოფი ასევე ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი; 35%-35%-ით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და „ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.
რაც შეეხება ინსტიტუციებს, აქ 77%-ით ქართული ჯარი დგას პირველ ადგილზე. შემდეგ მოდიან: მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო – 72%-ით; 63%-ით – პოლიცია; 62%-ით – ქართული მედია; 57%-ით – ადგილიბრივი თვითმმართველობები.
საერთაშორისო ურთიერთობები
საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად რესპონდენტების 63% ევროკავშირს მიიჩნევს, 47% აშშ-ს, 27% უკრაინას, 18% თურქეთს, 16% კი – აზერბაიჯანს. რაც შეეხება ქვეყნისთვის მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს, გამოკითხულების 87%-მა რუსეთი დაასახელა, 8%-8%-მა აშშ და თურქეთი, 4%-მა ირანი, 3%-3%-მა კი – სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი.
ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულების 60% ევროკავშირს მიიჩნევს, 43% აშშ-ს, 30% თურქეთს, 22% აზერბაიჯანს, 21% კი – უკრაინას. რაც შეეხება ეკონომიკურ საფრთხეს, 76% რუსეთს ასახელებს, 6% თურქეთს, 5% აშშ-ს, 2%-2% კი – ევროკავშირს, უკრაინას, ირანს, ჩინეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს.
ამასთან, გამოკითხულების 34% რუსეთთან დიალოგს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 27% ნაწილობრივ უჭერს მხარს, 26% სრულად, 9% მეტწილად ეწინააღმდეგება, 4%-მა კი – არ იცის ან უარია პასუხზე. გარდა ამისა, რესპონდენტების 30% ძალიან ნეგატიურად აფასებს საქართველოს მთავრობის რუსეთთან ურთიერთობების დინამიკას, ძალიან დადებითად კი – მხოლოდ 10%.
გამოკითხულების 17% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის საგარეო კურსი პროდასავლურია; 21%-ის მოსაზრებით, უფრო პროდასავლური, ვიდრე პრორუსული; 20%-ის მოსაზრებით, უფრო პრორუსული, ვიდრე პროდასავლური; 25%-ის აზრით კი – პრორუსული.
ევროკავშირი და ნატო
გამოკითხულების 89% სრულად ან მეტწილად ემხრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას; 8% საერთოდ არ ემხრობა ან მეტწილად არ ემხრობა; 3%-მა კი – არ იცის ან უარია პასუხზე. რაც შეეხება ნატოს, ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას სრულად ან მეტწილად რესპონდენტების 80% ემხრობა. 14% საერთოდ ან მეტწილად არ ემხრობა; 6%-მა კი არ იცის ან უარია პასუხზე.
მედია და ინფორმაციის მიღების წყაროები
რესპონდენტების 28% აცხადებს, რომ ახალი და პოლიტიკური ამბების შესახებ ინფორმაციის მიღებისას ტელეკომპანია „იმედს“ ენდობა, 14% „მთავარ არხს“, 11% „ტელეკომპანია პირველს“, 9% „რუსთავი 2-ს“, 3%-3% „ფორმულასა“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.
სხვა საკითხები
კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზეც ჰკითხეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მასობრივი პროტესტის ფონზე უკან გაიხმო. 46%-მა თქვა, რომ ამ კანონპროექტის შესახებ სმენია, 31%-ს მის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. მათგან, ვისაც მის შესახებ სმენია, 42% ამბობს, რომ კანონპროექტის მიღება ძირს გამოუთხრიდა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას. 38%-მა აღნიშნა, რომ მისი მიზანი არასამთავრობო სექტორისა და მედიის გაჩუმება იყო. იმავე რაოდენობის აზრით, ამგვარი კანონის მიღება საქართელოს რუსეთთან აკავშირებს. 13%-ის მოსაზრებით, მისი მიღება საქართველოს ეროვნული ინტერესებშია.
გამოკითხულების 34% ძლიერად ეწინააღმდეგება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, 23% ძლიერად უჭერს მხარს, 25% რამდენამდე უჭერს მხარს, 12% რამდენამდე ეწინააღმდეგება, 6%-მა არ იცის ან უარია პასუხზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/11/2022 – IRI-ის კვლევა მოსახლეობის პესიმიზმს ასახავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)