ახალი ამბები

IRI-ის კვლევა მოსახლეობის პესიმიზმს ასახავს 

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 7 ნოემბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, შეშფოთებულია ეკონომიკის მდგომარეობის გამო და სკეპტიკურადაა განწყობილი საქართველოს მიერ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ.

ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით, რესპონდენტების 62%-მა განაცხადა, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის (2022 წლის მარტში 61%), ხოლო 30%-მა აღნიშნა, რომ ის სწორი მიმართულებით მიდის.


საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე და შესაბამისი ასაკის 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დააფინანსა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

კითხვაზე – „მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველო 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს?“ – რესპონდენტების 26%-მა უპასუხა, რომ საერთოდ არ არის მოსალოდნელი; 24%-მა განაცხადა, რომ გარკვეულწილად არ არის მოსალოდნელ; 27%-მა აღნიშნა, რომ გარკვეულწილად მოსალოდნელია და მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ მოსალოდნელია.


რესპონდენტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება/არმიღების საკითხი ხელისუფლებაზე/ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული. კერძოდ, გამოკითხულების 51% აცხადებს, რომ წარმატების შემთხვევაში, ეს ხელისუფლების დამსახურება იქნება, ამ მიმართულებით წარუმატებლობის შემთხვევაში კი – 64% პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

კითხვაზე – „თუ რა არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება?“ – 30%-მა პოლიტიკური არასტაბილურობა დაასახელა; 17%-მა – შიდა წინააღმდეგობა; 15%-მა – ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგობა, 14%-ის მოსაზრებით კი – ის, რომ საქართველომ არ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

კითხვაზე – „სმენიათ თუ არა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ?“ – რესპონდენტების 36%-მა განაცხადა, რომ არ სმენიათ; 24%-მა აღნიშნა, რომ სმენიათ, თუმცა არ იციან რას შეეხება ეს რეკომენდაციები, მხოლოდ 37%-მა თქვა, რომ სმენიათ და იციან კიდეც რას შეეხება ისინი.

პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა

გამოკითხულების 72% ამბობს, რომ მომავალი არჩევნებისთვის ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს, არსებული არჩევნით მხოლოდ რესპონდენტების 22%-ია კმაყოფილი. ამასთან, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს გამოკითხულთა მხოლოდ 15% ენდობა, 35% არ ენდობა, 49% კი – არც ენდობა და არც არ ენდობა.

კვლევაში მონაწილეთა 42% აცხადებს, რომ მათ ინტერესებს არცერთი არსებული პარტია გამოხატავს, 32%-ის თქმით, მის ინტერესებს ერთი პარტია მაინც მეტ-ნაკლებად გამოხატავს, მხოლოდ 24% აღნიშნავს, რომ არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მის ინტერესებს სრულად ერთი მაინც გამოხატავს.

რესპონდენტების 48%-ს მიაჩნია, რომ ქართული დემოკრატიისთვის მრავალპარტიული მმართველობაა სასარგებლო, ამ მოსაზრებას გარკვეულწილად 26% ეთანხმება, 9% გარკვეულწილად არ ეთანხმება, 12% კატეგორიულად არ ეთანხმება, 5%-მა კი – არ იცის ან არ პასუხობს.

პოლიტიკური პარტიების რეიტინგები

კითხვაზე – „საპარლამენტო არჩევნები, რომ მოახლოებულ კვირას ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ – 25% ქართულ ოცნებას ასახელებს; 12% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას; 3%-3% – გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის და გირჩი-მეტი თავისუფლებას; 2%-2% – სტრატეგია აღმაშენებელს, დროას, ლეიბორისტულ პარტიას, ხალხისთვის, გირჩს და პატრიოტთა ალიანსს. 1%-1% – ლელოს, მოქალაქეებსა და კონსერვატიულ მოძრაობას.

ამასთან, გამოკითხულების 33% ხმას არასდროს მისცემდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას; 30% – ქართულ ოცნებას; 18% – პატრიოტთა ალიანსს; 15% – კონსერვატიულ მოძრაობას; 14% – ევროპულ საქართველო; 12%-12% – გირჩი-მეტი თავისუფლებასა და გირჩს; 8% – ლეიბორისტულ პარტიას; 7% – დროას; 6% – ლელოს; 5%-5% – სტრატეგი აღმაშენებელსა და მოქალაქეებს; 4% – გიორგი გახარიას საქართველოსთვის; 2% რესპუბლიკურ პარტიას; 1%-1% კი – თავისუფალ დემოკრატებს და პარტიას ხალხისთვის.

საგულისხმოა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას მხარს გამოკვეთილად 34% უჭერს, ამდენივე პროცენტი კი – წინააღმდეგია. 18% გარკვეულწილად უჭერს მხარს, 8% გარკვეულწილად არა, 6%-მა არ იცის ან არ პასუხობს.

საჯარო ფიგურები და ინსტიტუციები

კვლევის შედეგებით, საზოგადოება ყველაზე დადებითად – 88%-ით კვლავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ არის განწყობილი. შემდეგ მოდიან: თბილისის მერი, კახა კალაძე – 51%; პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – 44%; პარტია ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე – 40% და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – 38%.


რესპონდენტების ყველაზე უარყოფითი განწყობა დაიმსახურეს – ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ (73%), პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ (63%) და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ (60%).

რაც შეეხება ინსტიტუტებს, მათ მიმართ დადებითად განწყობილთა სიის სათავეში 74%-ით ქართული ჯარი და 68%-ით ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაა. შემდეგ მოდიან ქართული პოლიცია (63%), ადგილობრივი ხელისუფლება (59%) და მედია (55%).

ყველაზე უარყოფითი განწყობა რესპონდენტებს პოლიტიკური პარტიების (60%) და პარლამენტის (56%) მიმართ აქვთ. მესამე ადგილს ცესკო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყოფენ 53%-53%ით.

ეკონომიკური პრობლემები

კითხვაზე – „თუ რომელია საქართველოს წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?“ – რესპონდენტების 41%-მა და 18%-მა უმუშევრობა და გაძვირებული ცხოვრება, ხოლო 7%-მა პირველ პასუხად სიღარიბე დაასახელეს (რესპონდენტებს ორი პასუხის დასახელება შეეძლოთ).


კითხვაზე – „თუ როგორ შეიცვალა ეკონომიკური სიტუაცია ბოლო 12 თვის განმავლობაში?“ – 30%-მა აღნიშნა, რომ ის ბევრად გაუარესდა; 31%-მა განაცხადა, რომ ის გარკვეულწილად გაუარესდა; 26%-ის თქმით, ის უცვლელი დარჩა; 12%-მა აღნიშნა, რომ ის გარკვეულწილად გაუმჯობესდა, მხოლოდ 1%-მა განაცხადა, რომ ის ბევრად გაუმჯობესდა.

რესპონდენტების 35%-მა განაცხადა, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა ცუდი იყო; 16%-ის თქმით, ის ძალიან ცუდი იყო და 48%-მა აღნიშნა, რომ ის გარკვეულწილად კარგი იყო.

საერთაშორისო ურთიერთობები

რესპონდენტების 51%-მა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორია; 47%-მა აშშ დაასახელა; 24%-მა – უკრაინა; 16%-მა – თურქეთი და 14%-მა – აზერბაიჯანი. რაც შეეხება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორებს, 48%-მა ევროკავშირი დაასახელა; 43%-მა – აშშ; 28%-მა – თურქეთი; 19%-მა – უკრაინა და 18%-მა – აზერბაიჯანი.

რესპონდენტების 89% მიიჩნევს, რომ რუსეთი ქვეყანას ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს უქმნის, ხოლო 80% ამბობს, რომ ის ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს ქმნის. 34% სრულად, ხოლო 25% გარკვეულწილად უჭერს მხარს რუსეთთან შემდგომ დიალოგს. რესპონდენტების 50%-მა უარყოფითად, ხოლო 42%-მა დადებითად შეაფასა რუსეთთან ქართული ოცნების ხელისუფლების ურთიერთობები.

27/09/2022 – პუტინის მობილიზაციას გამოქცეულები – რა ხდება ლარსის გამშვებ პუნქტთან?

დამოკიდებულება რუსების მიმართ

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების უფლებებს საქართველოში, გამოკითხულთა 78%-მა განაცხადა, რომ ისინი არ უჭერენ მხარს რუსების უვიზო შემოსვლას საქართველოში, ბიზნესების რეგისტრირებას ან ქონების შეძენას.

რუს ტურისტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, გამოკითხულთა 38%-მა განაცხადა, რომ რუსები არ უნდა შემოუშვან საქართველოში, სანამ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებენ. 17%-მა აღნიშნა, რომ რუსმა ტურისტებმა უნდა დატოვონ ქვეყანა, ხოლო 26%-მა უფრო ტოლერანტული პოზიცია დაიკავა და აღნიშნა, რომ მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. მხოლოდ 13%-მა განაცხადა, რომ რუსი ტურისტები „საქართველოს სასურველი სტუმრები არიან“.

ინფორმაციის წყაროები

გამოკითხულთა 31%-მა ყველაზე სანდო ტელეკომპანიად „იმედი“ დაასახელა; შემდეგ მოდის „მთავარი არხი“ – 14%-ით; „ტელეკომპანია პირველი“ – 10%-ით; „რუსთავი 2“ – 8%-ით „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – 3%-ით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button