Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროპარლამენტში საქართველოზე დებატებს ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან

ევროპარლამენტში საქართველოზე 14 მარტს გამართულ დებატებს, სადაც ევროდეპუტატებმა მკაცრად გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ მთავრობა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს, ქართველი პოლიტიკოსების განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

„სამოქალაქო საქართველო“ საკითხზე მხარეთა პოზიციებს გთავაზობთ:

„ქართული ოცნება“

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე: „ძალიან სახიფათოა ის მიდგომები, რომელიც ჩვენ დავინახეთ, მცდელობა რომ ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს არის პროპაგანდისტული მეთოდი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, როდესაც რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხი მისი ხელისუფლებისგან გამიჯნოს და თქვა, რომ ხალხი კარგია, ხელისუფლება არ ვარგა. სამწუხაროდ, ზოგიერთ ამ გამოსვლებშიც მოვისმინეთ ეს რიტორიკა, რომ ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ, თითქოს ხალხი იმსახურებს რაღაცას და ხელისუფლება არა. ეს არის ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდისტული ნარატივი“.

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის ის საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ. ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას და ისინი ლობირებენ იმ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა რამენაირად საქართველოს ხელისუფლება გააშავოს პრორუსის იარლიყი მიაწებოს ყველა გზით. საუკუნის აფიორა დასჭირდება პიარკამპანიის სახით, თუ რაც არ უნდა დასჭირდეს, ისინი [ოპონენტები] ცდილობენ თავის ლობისტებთან ერთად, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაარქვან პრორუსი“.

გივი მიქანაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე: „ევროპარლამენტარების განცხადებები, რა თქმა უნდა, ცალმხრივია. ეს ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომლებიც გარკვეულ ვალდებულებაში არიან სწორედ მიხეილ სააკაშვილთან, მის მხარეს წარმოადგენენ. ისინი ნეიტრალურნი არ არიან, ისინი არიან სუბიექტურად განწყობილნი, მისი თანამოაზრეები და მისი უშუალო ლობისტები“.

ოპოზიცია

ბაჩო დოლიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათივე [„ქართული ოცნების“] პარტნიორები, „სოციალ-დემოკრატები“ აკრიტიკებენ იმ ნაბიჯების გამო, რასაც ბოლო პერიოდია ხელისუფლება აკეთებს… მნიშვნელოვანი იყო ის რიტორიკა, რომელიც ისმის ევროპარლამენტიდან სააკაშვილთან მიმართებით. ყველა მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ცივილური ნაბიჯი და არ განახორციელოს ის პოლიტიკური ვენდეტა, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში ჩადის“.

ბექა ლილუაშვილი – „საქართველოსთვის“: „მწვავე გზავნილები მოვისმინეთ. მათ შორის, ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯებზე, პირდაპირი შეფასებები იყო რუსულ ინტერესებთან, პუტინთან და კრემლთან კავშირებზე. ეს პოლიტიკური შეფასებები ჟღერდა ევროპარლამენტში და ვიყავი ძალიან გულდაწყვეტილი, იმიტომ, რომ საქართველოს შემდეგ მოლდოვის საკითხის განხილვა იყო და მოლდოვაში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ძალიან კარგად გამოჩნდა როგორ იბრძვის მოლდოვის ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის“.

ანა ნაცვლიშვილი – „ლელო საქართველოსთვის“: „მხარდამჭერი განცხადებები იყო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 7-8 მარტის აქციაზე… ძალადობის მიუხედავად, საკუთარი შიშველი ხელებით და ერთიანობით გამოჭედეს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლების მიმართ ისმოდა მხოლოდ კრიტიკა, მათ შორის, იმ პარტიის წარმომადგენლების მხრიდანაც კი, რომელი პარტიის წევრიც არის „ქართული ოცნება“. საკუთარი თანაპარტიელები ევროპული ოჯახიდან ღიად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს ევროპული მომავალი ააყირავოს“.

თეონა აქუბარდია – „რეფორმების ჯგუფი“: „ევროპარლამენტარების დებატებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ [„უცხოეთის აგენტებზე“] კანონი იყო რუსული და რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა. აშორებდა საქართველოს ევროპული მომავლისგან… კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულება იძლევა შესაძლებლობას საქართველოსთვის და არა „ქართული ოცნებისთვის“ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button