skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტში დებატების დროს საქართველოს მთავრობა გააკრიტიკეს

თბილისში გასულ კვირას „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციების შემდეგ, ევროპარლამენტში 14 მარტს გამართულ დებატებზე ევროდეპუტატებმა მკაცრად გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ მთავრობა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი მიესალმა ქართველების ნების გამოხატვას, რომლებმაც „ისარგებლეს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებით”. მისი თქმით, „ევროპული გზა მაღლა აყენებს ზღვარს და ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში“. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს სჭირდება რეფორმების განხორციელება“. მან აღნიშნა, რომ „საქართველოს პროგრესის ყოვლისმომცველი შეფასება გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში პირველად განხორციელდება შემოდგომის გაფართოების პაკეტის ფარგლებში“, რაც კიდევ უფრო სრულ სურათს შექმნის კანდიდატის სტატუსისთვის საქართველოს მზაობაზე.

ვარჰეიმ ასევე გაიხსენა ევროკავშირის პოზიცია და დემარშები ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია ძალიან მკაფიოა: „საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობაა სრულად უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის, როგორც დაკავებულის, ასევე ბრალდებულის უფლებები საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“. მანვე დასძინა: „ევროკავშირი რჩება საქართველოსა და მისი ხალხის ახლო მეგობარად და პარტნიორად. ეს არის გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ მთელი ქვეყანა გაერთიანდეს და მტკიცედ იმუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნისა და ევროპული ღირებულებებისთვის“.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, სანდრა კალნიეტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოში განვითარებული უაღრესად შემაშფოთებელი მოვლენები არ უნდა განიხილებოდეს იზოლირებულად. ისევე, როგორც რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინაში და ცდილობს მოლდოვაში დესტაბილიზაციას, კრემლი სასოწარკვეთილია შეინარჩუნოს საქართველო თავის გავლენის სფეროში. მივესალმები საქართველოში მომიტინგეების მიერ გამოვლენილ გამბედაობას. ევროპა ხედავს თქვენს ვაჟკაცობას და ზურგს არ შეგაქცევთ“.

მან ასევე დასძინა, რომ „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის ჩავარდნის მიუხედავად, ბრძოლა აქ არ მთავრდება.

ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მანვე მოუწოდა ქართველო ხალხს განაგრძოს მთავრობაზე ზეწოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების მოთხოვნით, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოუტანს. „მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და წინ აღუდგნენ ოლიგარქებს“.
„შესაძლებლობის ფანჯრები თაობაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ შეიძლება გაიღოს და დიდხანს არ დარჩეს ღია. მივმართავ ქართველ ხალხს, არ დაკარგონ შესაძლებლობების [ეს] ფანჯარა“.

საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, სვენ მიკსერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მცდელობა, მიეღო უცხო „აგენტების“ შესახებ კანონი, მხოლოდ ერთი მაგალითია იმ პრობლემების გრძელი ჩამონათვალისა, რომლებიც ქვეყანაში კანონის უზენაესობის მიმართულებით არსებობს და ხელისუფლებაში მყოფნი მხოლოდ სიტყვიერად ემხრობიან ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუშტრევიჩიუსმა თავის მიმართვაში მიულოცა ქართველ ხალხს რუსული ტიპის „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის შეჩერება და კიდევ ერთხელ გამოხატა ევროპარლამენტარების სოლიდარობა და მადლიერება ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ქართველი ხალხის ევროკავშირის მისწრაფებები და „სრულად უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია“, ამასთან გაითვალისწინონ, რომ „მოწამლული“ და „დაპატიმრებული“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე „ევროკავშირის მოთხოვნების განუყოფელი ნაწილია“. „ევროპა არ გაუხსნის კარს პოლიტიკური რევანშიზმის რაიმე ფორმით“, – დასძინა მან.

„საბოლოოდ, ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია. საქართველოს ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი, საბოტაჟი მოუწყოს ქვეყნას ევროპულ გზაზე. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ იღებს. რუსული ჭაობისკენ, შეზღუდულ თავისუფლებასა და ავტოკრატიისკენ დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. საქართველოს ევროპული მომავლისკენ მხოლოდ ერთი გზა არსებობს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

„ადამიანის ევროპულ იდენტობას წყლის ჭავლით ვერ ჩამორეცხავთ, ევროკავშირის დროშის დაწვით, ევროპას ქართველის გულიდან ვერ ამოწვავთ“, – აღნიშნა კრამონმა.

მანვე დასძინა, რომ ძალადობა უშედეგოა მათ მიმართ, ვინც იბრძვის მათი თავისუფლებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, თუნდაც ამას მათი ამჟამინდელი ხელისუფლება [არ იმსახურებდეს]“.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა ნიშნავს გეოპოლიტიკურ ცვლილებას ჩვენს სამეზობლოში და თქვა, რომ ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის“. მან პატივისცემა გამოხატა იმ ხალხის გამბედაობის მიმართ, რომლებიც აპროტესტებდნენ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში, „პუტინის მძევლად“ დატოვება საქართველოს მომავლის გაუარესებას“ ნიშნავს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობას ეს ესმის.

მარინა კალიურანდმა, სამხრეთ კავკასიაში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას აქვს ორი გზავნილი ქართველი ხალხისთვის: „პირველი, ევროპარლამენტის წევრებმა იციან და პატივს სცემენ ქართველი ერის მიერ მკაფიოდ გამოხატულ უფრო მჭიდრო ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანს. „ჩვენ მხარს გიჭერთ და თქვენთან ერთად ვდგავართ ევროპულ გზაზე“ და მეორე: „ჩვენ არასდროს, ვიმეორებ, არსდროს ჩავრთავთ საქართველოს ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი და დაღუპული ადამიანები, ჩვენ არასდროს შევეგუებით საქართველოს ოკუპაციას და ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

მან დასძინა: „ქართველ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, ჩვენი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისთვის მკაფიოა – უკრაინის ომმა საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა. ნუ დაკარგავთ მას! გახსოვდეთ, რომ დღეს უკრაინელები იბრძვიან და ეწირებიან თავიანთი მომავლისთვის, მაგრამ ასევე თქვენი მომავლისთვისაც“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმები „იმედგამაცრუებელი და მიუღებელია“ და მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ „შესაძლებლობის ფანჯარა სამუდამოდ ღია არ დარჩება, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ხალხი მოელის თქვენგან“.

ევროპარლამენტარმა კატალინ ჩეჰმა თქვა: „ჩვენ მტკიცედ მივესალმებით [აგენტებზე] კანონპროექტის გაწვევას. ევროპარლამენტს აქვს ძალიან მკაფიო გზავნილი საქართველოს პროევროპული ძალების მიმართ – ჩვენ გხედავთ თქვენ და ვდგავართ თქვენს გვერდით. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ თქვენი გადაწყვეტილებით შეუერთდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს“. მან დასძინა: „თბილისში მომიტინგე, რომელიც ევროკავშირის დროშას აფრიალებს წყლის ჭავლის პირისპირ, არის ძლიერი სიმბოლო. კოლეგებო, ეს აჩვენებს, თუ რამდენს ნიშნავს ევროპული პროექტი გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ყოველდღიურად, რომ ვიცხოვროთ ამ მიზნის მისაღწევად და გვქონდეს ბევრად უფრო ფართო სტრატეგია რუსეთის გავლენებთან დასაპირისპირებლად, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია პუტინთან ბრძოლა ჩვენი სამეზობლოს პუტინიზაციასთან ბრძოლის გარეშე“.

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ იმედგაცრუება გამოხატა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ოთხი წლის ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ის „დაბნეულია“ და შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის თავდასხმებით, რომელსაც მან ურჩია: „აირჩიეთ მხარე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვეღარ ვიქნებით არჩევანი”.

ანდრიუს კუბილიუსმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ევროკავშირმა „ძალიან კარგად იცის, რამდენად ძლიერად სურს ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება… მაგრამ დღეს საქართველოს პრობლემა აქვს და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“. მან პოლიტპატიმრებად მოიხსენია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი. ასევე, კუბილიუსმა „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტს „ქართველი ხალხის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა. ევროპარლამენტარმა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკაზე, თქვა რომ „კრემლს უნდა შურდეს ასეთი ტიპის პროპაგანდის“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მიუხედავად ამის, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხის თანადგომას“.

ევროპარლამენტარმა რაინჰადტ ბუდიკოფერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „საქართველოს მოქალაქეებმა იციან, რომ ე.წ. „ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად გადაიქცა“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მხოლოდ სიტყვიერად ემხრობა ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ გზას.

მანვე დასძინა, რომ „საქართველოს მოქალაქეები მარტო არ უნდა დავტოვოთ ევროპული პერსპექტივისთვის ბრძოლაში“ და „განვაგრძობთ თუ არა განუწყვეტლივ განვითარებად თანამშრომლობას პირობითობის გარეშე? ვიტყვით უარს სანქციების განხილვაზე? ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი ამ კითხვებზე და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სააკაშვილის თავისუფლებისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button