skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილის საქმე ევროპარლამენტში პოლიტპატიმრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განიხილეს

14 მარტს სტრასბურგში ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიეძღვნა სამ „პოლიტპატიმარს“: ვლადიმერ ყარა-მურზას, ალექსეი გორინოვსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიეძღვმა. ღონისძიებას გაუძღვნენ ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსი და თანაწამყვანი უილიამ ბრაუდერი, იურისტი და უფლებადამცველი, მაგნიტსკის აქტის ავტორი.

ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ფართო აუდიტორიას, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, მისცა შესაძლებლობა მოესმინათ ყარა-მურზას, გორინოვისა და სააკაშვილის ოჯახის წევრების ან/და ადვოკატების განცხადებები. ღონისძიების მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეეფასებინათ ხსენებული „პოლიტპატიმრების“ მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები და დაესახათ ეფექტიანი გზები მათი გათავისუფლებისათვის.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სამივე სასტიკ პირობებში იმყოფება და ციხეში გარდაუვალი სიკვდილი ემუქრება.

სააკაშვილის დედამ – გიული ალასანიამ, შვილმა – ედუარდ სააკაშვილმა და ადვოკატმა – გიორგი ჩალაძემ ექსპრეზიდენტის წარსულსა და ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მას 47 სხვადასხვა დიაგნოზი დაუსვეს. მათ თხოვნით მიმართეს ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რათა დაეხმარონ სააკაშვილს გათავისუფლებაში.

იმავე მიმართვით გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი. მან მოუწოდა ევროკავშირის დედაქალაქების შესაბამის აღმასრულებელ შტოებს გააძლიერონ ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე.

ღონისძიებას სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად, ანა ფოტიგა, რადოსლავ სიკორსკი და სერგეი ლაგოდინსკიც ესწრებოდნენ, რომლებმაც „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების მიზნით ავტორიტარულ რეჟიმებზე ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ევროპარლამენტარებმა სანქციების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება. უილიამ ბრაუდერმა ვრცლად ისაუბრა სამივე პატიმრის საქმეზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ მაგნიტსკის აქტის წარუმატებელ იმპლემენტაციაზე. ის წუხდა, რომ ევროკავშირი არაეფექტიანად იყენებს ამ კანონს, მაშინ, როდესაც ის ადამიანის უფლებათა ყველაზე აქტიური დამცველი უნდა იყოს. მან აუდიტორიას აუხსნა, რომ ევროკავშირმა უნდა დაუწესოს სანქციები ადამიანის უფლებათა დამრღვევებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მაგნიტსკის, ყარა-მურზას, გორინოვისა და სააკაშვილის დაკავებაზე.

ბრაუდერის თქმით, თითოეული პატიმრის ისტორია თავისთავად ძალზედ დამაჯერებელია. მან ხაზგასმით აღნიშნა: „ინდივიდები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, იცინიან მთავრობების აღშფოთებულ განცხადებებზე, რადგან ისინი მათთვის არაფერს ნიშნავს… მაგრამ როდესაც მათ საქციელს რეალურად ნეგატიური შედეგი მოჰყვება, ისინი ყურადღებას მიაქცევენ მათ…“. „ნამდვილად ვიცი, რომ მაგნიტსკის აქტს ექნება გავლენა საქართველოში“, – დასძინა მან.

საქართველოში გასულ კვირას განვითარებულ მოვლენებზე კითხვის საპასუხოდ, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ უპასუხა, რომ ახლა კარგი დროა საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის, ვინაიდან ქართველებმა „მასობრივი პროტესტით აიძულეს „ქართულ ოცნებას“ გაეწვია „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტ[ებ]ი“. „ჩვენ ვიცით რა სურს ქართველ საზოგადოებას და ამიტომ ვაგრძელებთ ზეწოლას“, – განაცხადა მან. კოლეგის შეფასებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტარმა ლაგოდინსკიმ და დაამატა, რომ ევროკავშირმა უნდა ჩამოუყალიბოს საქართველოს მთავრობას წინაპირობები, მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, შემდგომი წინსვლისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button